შენობას, რომელიც გზაზე უნებართვოდ ააშენეს, ბათუმის მერია დემონტაჟს ჩაუტარებს – სოცქსელში გავრცელებული ფოტოს ისტორია

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, მარუხის ქუჩაზე კორპუსი შუა გზაზე ააშენეს. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ამის შესახებ მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

“ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, მარუხის ქუჩაზე გამოვლენილ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც, აღნიშნულ მონაკვეთში კი მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად.

დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებით, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება.

ბათუმის მერიას მსგავს საკითხებთან მიმართებით ექნება მყისიერი რეაგირება და გაატარებს შესაბამის ზომებს როგორც გამოვლენასთან, ასევე, აღკვეთასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები