მიხეილ ხიდურელი: არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოში უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ჩამოყვანა
„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოში უმაღლესი რანგის საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ჩამოყვანა. მოხარული ვარ, რომ, ჩვენი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, პირველი, ძალან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა”, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს.
ცნობისათვის, საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტის ფარგლებში, ევროპელმა და ამერიკელმა სტუმრებმა Majorel-ის თბილისის ფილიალი მოინახულეს. აღნიშნული საერთაშორისო კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კი Majorel-ს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში 1,500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველად სტუმრობენ საერთაშორისო საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიებიდან: KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს, ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.