თამარ ჟვანია: არჩევნების დღეს თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, არ ჩატარდება

“კენჭისყრის დღეს პირბადის ტარება როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო იქნება”, – ამის შესახებ “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების დღეს თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, არ ჩატარდება.

„ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად რა იქნება კენჭისყრის დღეს. ველოდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იცვლება მოცემულობები, თუმცა, არის საკითხები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით იმას, რომ კენჭისყრის დღეს პირბადის ტარების ვალდებულება ექნება ყველას, მათ შორის, ამომრჩეველსაც, იმ დამკვირვებლებს, იმ კომისიის წევრებს, რომლებიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში არიან თითქმის 24-საათიან რეჟიმში. რა თქმა უნდა, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, პირბადე არის ის ალტერნატივა და აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება (ერთი დადგენილება უკვე მიღებული გვაქვს), რომელიც არეგულირებს წინასაარჩევნო პერიოდში როგორი იქნება ცესკო-სთან, საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მათ შორის, საუბნო კომისიებთან შესვლა- გამოსვლის წესები. ამრიგად, თერმოსკრინინგი, როგორც მოთხოვნა, იქნება ყველა შენობის შესასვლელში. უბრალოდ, ეს არ არის დღესდღეობით გავრცელებული და არ ვრცელდება კენჭისყრის დღეზე. ყველა შემსვლელს, ჩართულ მხარეს, პარტიას, კანდიდატს, როცა კომისიასთან ექნება ურთიერთობა,  აუცილებლად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ცალკე სივრცის პრობლემა არის. ჩვენ, სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ცალკე სივრცის საშუალებას და ეს არის პრობლემა. არის ქვეყანა, რომელმაც ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებს ცალკე სივრცე გამოუყო, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან კონტაქტი მცირეხნიანი იქნება, ამომრჩეველი დაცული იქნება. თან სიცხისა და ტემპერატურის მიზეზი ვერ გვეცოდინება, მინიმუმ, ერთი დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, თერმოსკრინინგი იმუშავებს კენჭისყრის დღის გარდა ყველა სხვა პროცესისას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები