პრემიერი: 15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვალდებულია, 72 საათით ადრე ჩატარებული ჰქონდეს PCR ტესტი

“15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება და ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72 საათიანი PCR ტესტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებელია მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად და იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს ვირუსის გავრცელების მართვა.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და, მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. მათ დაუწესდებათ მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, მხოლოდ 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, მათ რომ არ შევუქმნათ დამატებითი დისკომფორტი”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები