უმაღლეს სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ​გადაერიცხებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ნუნუ მიცკევიჩი აცხადებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სწავლის საფასური ოქტომბრის თვისთვის ​გადაერიცხებათ.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური სრულად, სახელმწიფო გრანტის შესაბამისად დაუფინანსდებათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათზე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ნუნუ მიცკევიჩი მოუწოდებს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, აღიდგინონ სტატუსი, რათა სახელმწიფო დახმარებით ისარგებლონ.

„როგორც მოგეხსენებათ, ერთი სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ამ შემთხვევაში, საუბარია სწორედაც იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სირთულეები გაჩნდა „კოვიდთან“ დაკავშირებით. ეს იყო 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი. ასე რომ, სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა გულისხმობს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არის 150 000 ქულის ქვემოთ, დაუფინანსდებათ და აუნაზღაურდებათ 2019-2020 წლის გაზაფხულის დავალიანება და შემოდგომის სემესტრი, რომელიც გახლავთ უკვე 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი. მოხდება სწავლის საფასურის სრული დაფინანსება. მუშაობა დაწყებულია უკვე ამ მიმართულებით. უკვე განსაზღვრულია სიები. ჩვენ ველოდებოდით ასევე პირველკურსელთა ჩარიცხვას. ოქტომბრის თვისთვის უკვე გაიცემა, პირველი გადარიცხვა მოხდება უნივერსიტეტებში. ამისთვის მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი სოციალური სტატუსი, აღიდგინონ უნივერსიტეტებში სტუდენტის სტატუსი, რადგანაც 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში მათ დასჭირდებათ აქტიური სტატუსი. ჩვენ დღეს, 16:00 საათზე გვაქვს შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უკვე დაწვრილებით განვმარტავთ და ვთხოვთ უნივერსიტეტებს, დაეხმარონ ასეთ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაში, რადგან 2020-2021 წლის სემესტრში მათ საშუალება მიეცემათ, სწავლის საფასური სრულად იყოს გადახდილი და ანაზღაურებული“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

რაც შეეხება პანდემიის გამო უმაღლეს სასწავლებლებში დაწესებულ პრევენციულ ზომებს – ამ მიმართულებით, სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ძირითადმა უნივერსიტეტმა შემოწმება წარმატებით გაირა და პროცესი კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები