საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და  ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

დამკვირვებლები ცესკო-ს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკო-ს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ პირველ სექტემბერს, არჩევნების დანიშვნისთანავე კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკო-ს ვებგვერდზე.
73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 172 განაცხადი შემოვიდა. 17 საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 28 კომისიაში ორ-ორი, 14 კომისიაში სამ-სამი, 13 კომისიაში ოთხ-ოთხი და მხოლოდ ერთ კომისიაში – ხუთი კანდიდატი.
ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩა №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, იმავე სხდომაზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადებში, განხორციელდება დროებითი წევრის არჩევა.
სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 110 ქალი და 62 კაცი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც არჩეულ იქნა 43 ქალი და 29 კაცი.
ცესკო-ს მიერ არჩეული 72 დროებითი წევრიდან, 68-ს აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა წლებში მუშაობის გამოცდილება, როგორც კომისიებში, მათ შორის ცესკოში წევრად ყოფნის, ასევე, ტრენერად ყოფნის გამოცდილება. ამასთანავე, 72 ახლად არჩეული წევრიდან 22 პირს მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში.
ამავდროულად, 72 არჩეული დროებითი წევრიდან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში გამართული არჩევნების მონაცემების მიხედვით, 44 პირი ცესკო-ს მიერ პროფესიული ნიშნით იყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული, ხოლო 5 პირი, წარმოადგენდა პარტიული ნიშნით ნომინირებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს, საიდანაც ხუთივეს აქვს სხვადასხვა წელს კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით; ხოლო დანარჩენ 6 წევრს კომისიის 12 წევრამდე შესავსებად, საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები