მაშველებმა შატილიდან დაშავებული მამაკაცი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები.
პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.