კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლების მიზანი სწორედ ისაა, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში განვითარება დინამიკური და ხელშესახები იყოს
“ჩვენი ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში განვითარება იყოს დინამიკური და ხელშესახები”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, კასპი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.
“ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით კასპში, მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი გვხვდება. ამ ადგილებში ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ და იმ დროიდან მოყოლებული ჩვენმა წინაპრებმა განავითარეს და შემოგვინახეს ეს მხარე ისეთი მშვენიერი, როგორიც დღეს გვაქვს.
კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. კასპში არის ბევრი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლის პროდუქციით მარაგდება მთლიანად საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ ამ დოვლათს თქვენ, მშრომელი ადამიანები ქმნით, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ.
ჩვენი ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში განვითარება იყოს დინამიკური და ხელშესახები.
განვლილი წლების მანძილზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სხვა ძირეულ საკითხებში, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან მიხარია, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და შედეგი უკვე სახეზეა.
წარმოების განვითარებაზე ზრუნვის პრალელურად, ინერგება გარემოს დაცვითი მაღალი სტანდარტები, ეს კასპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად განსაკუთრებით ზრუნავს და მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას.
ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, გამოწვევები ჩვენს წინაშე ისევ ბევრი რჩება. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემური საკითხები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინოთ ადამიანები, რომლებიც კასპისა და კასპელების ინტერესებს გაატარებენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.
მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა – 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება შესაძლებელი იქნება პირველივე ტურში”, – განაცხადა კახა კალაძემ.