გოგა ხაინდრავა: საერთაშორისო ინციდენტებში საქართველოს გახვევის 3 მცდელობა იყო, ოპოზიცია ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ აქ ვითარება აირიოს

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს იყენებენ იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება აირიოს. ამის შესახებ ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
“ჩვენ უკვე მერამდენე წელიწადია, თვალს ვადევნებთ ამ პოლიტიკურ ტრაგიკომედიას. ხშირ შემთხვევაში, ეს უფრო ტრაგედიის ხასიათს იღებს, ვიდრე – კომედიის. ტრაგიკული არის ის, რომ ჩვენ არ ვართ მარტო და ჩვენ გარშემო არის ძალიან სახიფათო საერთაშორისო ვითარება. ჩვენ ვართ ეპიცენტრში, ჩვენ გარშემო კონფლიქტებია. კონფლიქტია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის, კონფლიქტი სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს თურქეთსა და საბერძნეთს შორის, აირია ბელორუსია, ძალიან სერიოზული დაპირირისპირებაა იქ. არც მაინცდამაინც სიწყნარეა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში, რომელიც ჩვენი დასაყრდენი და ერთადერთი დამცველია. რომ არა აშშ, კარგად იცით, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით პირისპირ უაღრესად აგრესიულ სახელმწიფოსთან, რომელიც სამხედრო ჩარევას არსად ერიდება
ეს ძალიან შემაშფოთებელია, დასაფიქრებელია, განსაკუთრებით – პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, კომედიასთან გვაქვს საქმე. სხვას ვერაფერს დაარქმევ, გარდა კომედიისა იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვუსმენთ: დაწყებული დავით აღმაშენებლიდან, დამთავრებული შალიკოს ფანჩატურით, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზული მოვლენაა და არანაირად  პასუხობს ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ბოლო თვეების მანძილზე იყო სამი მცდელობა, როცა საქართველოს საერთაშორისო კონფლიქტში გახვევა სცადეს.
„დავიწყოთ ყველაზე დამაფიქრებელითა და შემაშფოთებლით, რაც ხდება იმ სფეროში, სადაც თქვენ, ჟურნალისტები მოღვაწეობთ. ერთერთი ყველაზე დიდი გამოვლინება ამ ტრაგიკომედიისა არის ეს ფსევდოპრესა. მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო 3 მცდელობა საქართველოს ჩარევისა საერთაშორისო, სერიოზულ ინციდენტში, კონფლიქტში. პირველი: როცა პოლიტიკური რუპორები, სხვადასხვა ფსევდოპოლიტიკური ორგანიზაციიდან, შეეცადნენ საქართველოს გახვევას სკანდალში, თითქოსდა, ასობით რუსულ მანქანას სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს და საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის წევრი, ერთერთი მხარეა. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებს საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი უგუნური საზოგადოება, რომ ნებისმიერი სიტყვა საქართველოსა და საქართველოს მედიაში თქმული იმ წუთში თავის ადგილს პოვებს საერთაშორისო პრესაში. მინდა, გითხრათ, ამ ინფორმაციის გავრცელებას ძალიან ცუდი გამოხმაურება ჰქონდა. ეს სრული სიცრუე იყო. ეს არის პოლიტიკური კლოუნადა, რომელიც ძალიან ავნებს ჩვენს ქვეყანაში.
მეორე შემთხვევა – შეეცადნენ, საქართველო გაეხვიათ ბეირუთში დატრიალებულ ტრაგედიაში. სერიოზული მცდელობა იყო, ეს დაებრალებინათ საქართველოსთვის, თურმე ის ამონიუმის გვარჯილა, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს სოფლის მეურნეობაში, ყოფილა აფეთქების მიზეზი ლიბიაში და ამან დახოცა ხალხი. ყველას ავიწყდებოდა, რომ ის 9 წლის წინ იყო წაღებული საქართველოდან. 2 დღის წინ წაღებული რომც ყოფილიყო, მაგას აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამანაც გაიჟღერა მთელს მსოფლიოში.
ახლა მესამე მცდელობასთან გვაქვს საქმე, როცა ეს გაუბედურებული ქალბატონი, რომელიც, ჩემი აზრით, სათამაშოსავით ჰყავთ და იყენებენ გარკვეული ძალები, ცდილობს, თავის განცხადებებით ისევ გახვიოს საერთაშორისო სკანდალში საქართველო. ამ საწყალ გოგოს, რომლის სულსაც ჯიჯგნიან და არ ასვენებენ ეს არაკაცები და არაადამიანები, რომელიც ჯერ პორნოსკანდალში გახვიეს, ახლა – საერთოშორისო სკანდალში ხვევენ, რას ერჩიან მის სულს, არ ვიცი, რა სინდისით აკეთებენ ამას? შეგიძლიათ, ნახოთ, რა გამოხმაურება ჰქონდა ამ უგუნურ განცხადებას, რომელსაც კითხულობდა ეს ქალბატონი – იმიტომ, რომ იმან ისე იცის, ყარაბაღის კონფლიქტი რა არის, როგორც მე ვიცი, ჩრდილო კორეის ერთერთი პროვინციაში რა ხდება. ამ განცხადების წაკითხვა ვერ მოასწრო, რომ აზერბაიჯანის ერთერთმა სააგენტომ, რომელიც მაინცდამაინც დიდი კეთილგანწყობით არ გამოირჩევა საქართველოსადმი, დაბეჭდა და ამას მერე სომხეთი გამოეხმურა. შემდეგ საერთაშორისო პრესაში გადავიდა. ეს ხდება მაშინ, როცა ეს არის ერთადერთი მშვიდობის კუნძული მთელს რეგიონში, სადაც მთელი ამ წლების განმავლობაში სტაბილურობაა. ეს ხდება მაშინ, როცა გარშემო ძალიან რთული და კონფლიქტური ვითარებაა. ამიტომ, ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში აირიოს ვითარება. ეს ცალსახად ჩანს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები