თავდაცვის უწყებაში ბინების დაკანონების საკითხზე კომისიის პირველი სხდომა გაიმართა – “ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება”
საქართველოს თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით სამინისტროში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კომისია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის ეფექტიანი და სწრაფი წარმართვის მიზნით, სპეციალური ბრძანებით შეიქმნა. კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძეს პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. უწყებაში ამ ეტაპზე ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით 140 განცხადებაა შესული. კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდური მიდგომის საფუძველზე განიხილავს, რის შემდეგაც მინისტრს რეკომენდაციებს წარუდგენს.
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ, თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 17 ივლისს მიიღო.
ბინების დაკანონება სამხედრო მოსამსახურეებს, ყოფილ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხებათ, რომლებიც წლებია, თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და ბინების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება; მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.