,,პატრიოტების“ ბანერები ბათუმში მალე იმავე ადგილას გამოიფინება, საიდანაც სკანდალურად ჩამოხიეს

,,პატრიოტთა ალიანსის“ მოგზაურობაზე აფხაზეთში, რუსული დაფინანსების კვალზე, პოზიცია-ოპოზიციის ერთობლივ საპროტესტო განცხადებებზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ ,,კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ლომიას ესაუბრა:

-ბოლოდროინდელ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ მახსენდება ოპოზიციური და მმართველი პარტიის ასეთი ერთობლივი ,,შტურმი“ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ. რა გახდა ამის მიზეზი?

-,,პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა საქართველოს მოქალაქეთა სოციოლოგიური გამოკითხვა. კითხვები ეხებოდა როგორც პოლიტიკურ პარტიათა სანდოობასა და სასურველობას, ასევე – ქვეყანაში პოლიტიკურ წყობას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს 800 000-ზე მეტი გამოკითხულის აუდიოჩანაწერი. ახლა კონკრეტულ რიცხვებს არ დაგისახელებთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ 62%-მა არ ისურვა პასუხის გაცემა კითხვაზე. რაც შეეხება ,,პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგს, ის მმართველი პარტიის“ რეიტინგზე ოდნავ მეტი იყო.

-ფიქრობთ, რომ ,,ქართულ ოცნებას“ თქვენი რეიტინგის შეეშინდა და ამიტომაც გიწოდათ ირაკლი კობახიძემ ,,შმატრიოტები?

-სოციალურ გამოკითხვებს პარტიათა რეიტინგის შესახებ ატარებს როგორც პოზიცია, ისე – ოპოზიცია. უკლებლივ ყველა პარტიას კარგად მოეხსენება, რომელი პარტია რა პოლიტიკურ ნიშას იკავებს და როგორი სანდოობით სარგებლობს ამომრჩეველთა შორის. სახელისუფლებო ფრთა არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ყოველთვის თანამშრომლობდა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, ნაწილი კი სააკაშვილის 9-წლიან სისხლიან რეჟიმს ჩვენთან ერთად ებრძოდა. სწორედ ,,ქართული ოცნების“ „ნაციონალებთან“ დაახლოებულმა ფრთამ და ,,ნაციონალებმა“ მაკკეინისა და სოროსის ფონდებთან კონსულტაციით დაადგინეს, რომ საქართველო უნდა მართოს ორმა პოლიტიკურმა ძალამ ისე, როგორც ამერიკაში. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები 2-3%-ით უნდა შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ მათ არითმეტიკაში არ ვჯდებოდით. როდესაც დაინახეს, რამხელა რეიტინგი ჰქონდა ,,პატრიოტთა ალიანს“, გადაწყვიტეს, ერთობლივად ებრძოლათ ჩვენ წინააღმდეგ.

-თქვენი პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, განაცხადა, რომ თქვენ ჩასხედით მანქანაში, წაიღეთ ღვთისმშობლის ხატი და გადახვედით აფხაზეთში. რასაკვირველია, რუსეთის დახმარების გარეშე ეს არ მოხდებოდა. საქართველოს რიგითი მოქალაქეები ხომ ვერ გადავლენ ასევე მარტივად აფხაზეთში?

-ვერა, ვერ გადავლენ, მაგრამ ამ აქციით ჩვენ ვუთხარით ჩვენს მოქალაქეებს, რომ აუცილებელია აფხაზებთან დიალოგის დაწყება. ამ დიალოგს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამზადებდით, რასაკვირველია, რუსების, მაგრამ არა – კრემლის დახმარებით. ამით ჩვენ ვუთხარით ჩვენს მოქალაქეებს, რომ თუკი ჩვენ დღეს გადავედით აფხაზეთში, ხვალ შესაძლებელი გახდება, ასეთივე გზით გადავიდეს ყველა.

-,,ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ გაეხმიანებინა თქვენი მოგზაურობა აფხაზეთში, კერძოდ, ილორის მონასტერში, თქვენ არ აპირებდით ამ ტემაზე საუბარს?

-რელიგიური საკითხებით პიარის გაკეთებას არ ვაპირებთ. რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

-თუმცა, თქვენი საჩუქარი, საკმაოდ ძვირფასი – ღვთისმშობლის ხატი მონასტრის წინამძღვარმა უკან დაგიბრუნათ?

-არა, რასაკვირველია, ხატი დარჩა ილორში და წინამძღვარმაც საკმაოდ თბილად მიგვიღო.

-,,პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის ბანერზე მინდა, გკითხოთ, რომელიც ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა დემონსტრაციულად ჩამოხიეს ერთერთი მოედნიდან.

-ძალიან კი უნდა ,,ლელოს“, ბანერის ჩამოხევის გმირობა საკუთარ პარტიას მიაწეროს, თუმცა, ეს ასე არ არის. ბანერი, რომლის რამდენიმე ვერსია გავუგზავნეთ სარეკლამო სააგენტოს, ტექნიკური შეცდომის წყალობით, სწორედ ის ვერსია დაიბეჭდა, რაც შემდეგ ბათუმში, 2 ადგილას გავაკარით.

-,,პატრიოტტა ალიანსმა“ განაცხადა, რომ აჭარა წითელი ფერის ნაცვლად პლაკატზე ყავისფერ ფერში უნდა წარმოედგინათ. ასეთი სკანდალი წითლისა და ყავისფერი ფერების მონაცვლეობამ გამოიწვია?

-ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობთ – SOS, როცა აჭარასა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეგიონში განხორციელებულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა 25 000 თურქს როგორ მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და, ქართველებთან შედარებით, როგორ ყოველმხრივ ეწყობა ხელი თურქების მიზნესის განვითარებასა და აყვავებას რეგიონში. თუ გვინდა, 30 წლის შემდეგ აჭარის პრობლემა არ დადგეს, საქართველოსა და სტამბულში არ ვირბინოთ პრობლემების გადასაჭრელად, ახლავე უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს პრიორიტეტები საზღვრისპირა რეგიონში. არცერთი საღადმოაზროვნე ქვეყანა საკუთარი საღვრების სიახლოვეს არ ასახლებს მოსაზღვრე რეგიონის ეროვნების წარმომადგენლებს, რადგან ეს ძალზე საშიშია ამ ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისთვის. ეს ესმის მსოფლიოში ყველას, საქართველოს სახელმწიფოს გარდა. ასე რომ, რა ფერის იქნებოდა პლაკატზე გამოსახული აჭარა, ამას არსებითი მნიშნელობა არ ჰქონდა.

-თუ არა ,,ლელომ“, ვინ ჩამოგლიჯა ,,პატრიოტთა ალიანსის“ პლაკატები ბათუმის ცენტრიდან?

-ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ძალზე შეეშინდათ ოპოზიციის სკანდალური განცხადებების და განაცხადეს, რომ პლაკატების გაკვრა არ იყო მათთან შეთანხმებული, თუმცა ეს ასე არ იყო. ჩვენ ვიკვლევთ პლაკატების გაკვრის კანონიერებას და უახლოეს დღეებში კვლავ დავკიდებთ იმავე პლაკატებს იმავე ადგილას.

-,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურას წაუდგინა რუსულ საიტზე გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც სქემატურად ასახავდა 8 მილიონი დოლარით კრემლის მაღალჩინოსმების მიერ ,,პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას. გამოძიება დაწყებულია?

-რასაკვირველია, ეს ფარატინა ქაღალდი, რომელიც მე და თქვენც შეგვიძლია, დავამზადოთ და ამოვბეჭდოთ, პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდებოდა და ფურცელი ,,ევროპულ საქართველოს“ იმ დღესვე უკან დაუბრუნეს.

-გამოძიება არ დაწყებულა?

-არა, თუმცა ოპოზიციაც და პოზიციაც საკუთარ გამოსვლებში ამბობს, თითქოს, პროკურატურა იძიებს რუსული ფულის კვალს ჩვენს პარტიაში.

-იურისტმა ელენე ხოშტარიამ არ იცოდა, რომ მხოლოდ სააგენტოს მასალა ვერ გახდებოდა გამოძიების საფუძველი?

-იცოდა, თუმცა ყველაფერი პიარულად კარგად დაგეგმილი აქცია იყო, რომლის მიზანიც წინასაარჩევნოდ ,,პარტიოტთა ალიანსისთვის“ სახელის გატეხვა იყო. დაბნეულ ამომრჩეველს, რომელსაც ყველა საჯარო გამოსვლისას ეუბნებიან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მოიხსნება საარჩევნო სიიდან, გული გაუტყდება და, საკუთარი ხმის დაკარგვის შიშით, სხვა პარტიას მისცემს ხმას. ესაა როგორც ,,ოცნების“, ისე ,,ნაციონალების“ გათვლა ,,პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ.

-რატომ აწყობს ,,ქართულ ოცნებას“ თქვენი, როგორც პოტენციური მოკავშირის მომავალ პარლამენტში განაწყენება?

-,,ოცნებას“ ჩვენი დიდი ხანია, ეშინია, რადგან ხშირად ვამხელთ მათ ,,ნაციონალრ მოძრაობასთან“ ალიანსში. თუმცა, ,,ოცნება“ არაერთგვაროვანია. მათ რიგებშიც გვყავს ერთგული თანამოაზრეებიც, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ამ წლების განმავლობაში. არიან ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და სოროსის ერთგული მოკავშირეებიც, რომლებიც ახლა გაალმასებით გვებრძვიან ჩვენი მზარდი რეიტინგის გამო. ,,ოცნებას“ ,,ნაციონალები“ პირველ ოპოზიციურ ძალად ძალიანაც აწყობს, რადგან მათ ფონზე იდეალურად გამოიყურებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები