გიორგი გახარია: შიდა ქართლში არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას  ხელისუფლება იძლევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება.

გიორგი გახარიას განცხადებით, წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება და წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის” პროექტებიდან 30 ათასი ტონა პროდუქტის გატანა ევროპის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

„შიდა ქართლში შეუძლებელია მომავალზე საუბარი, თუ აქცენტი არ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველოში” და სოფლის მეურნეობის პროგრამებით შიდა ქართლში დაფინანსებულია 500 მილიონზე მეტის ღირებულების სხვადასხვა პროექტი. მნიშვნელოვანი და ხელშესახებია ის, რომ წელს, როდესაც მთავრობამ, სახელმწიფომ დაიწყო გლეხის მოსავლის დაბინავებაზე ზრუნვა, ეს დავიწყეთ კახეთით, ატმის მოსავლით და პირველად წელს 30 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში გადაყრილი ფული გაქვთო, შეიძლება სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ეფექტიანობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საერთოდ ქართველი გლეხისა და ფერმერის დახმარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება, დაახლოებით 3-ჯერ მეტი, დაახლოებით 150 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიული პოსტსაბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ყველა სტანდარტული ვერ იქნება, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის” პროექტებიდან 30 ათასი ტონა იქნება აბსოლუტურად კარგი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია, ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. სხვას რა ვუყოთ? სხვა გლეხი მივატოვოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიზამთ და არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის ის პროგრამა, რომელიც იყო ინიცირებული, როდესაც მთავრობა ადგილობრივ მეწარმეს გარანტიის სახით ეხმარება, გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება „დანერგე მომავალი”, სოფლის მეურნეობის პროგრამები, „აწარმოე საქართველოში”, თან შიდა ქართლში მშრომელი ხალხი ხართ და ამ პროგრამების ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას  ხელისუფლება იძლევა.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დაწყებული ატმით, გაგრძელებული ვაშლით, სამეგრელოში უკვე დაიწყო თხილი, შემდგომ იქნება რთველი, შემდგომ – ციტრუსი, ქართულ მიწაზე მოყვანილი არც ერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას იძლევა ხელისუფლება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ის მინიმუმი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს დავეხმაროთ. ჩვენ ეკონომიკურად ჯერ კიდევ სუსტი ქვეყანა ვართ და მთავარია, ჩვენი შეზღუდული რესურსი სამართლიანად და თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ და ქვეყნისთვის საჭირო ძალიან ბევრი ღირებული საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ასევე ერთად უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად გადავწყვეტთ 31 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები