გიორგი გახარია: უაღრესად მძიმეა, როდესაც ხედავ ოკუპაციის ხაზზე შენს მოქალაქეებს ორივე მხრიდან, თუმცა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად

“ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების” ზრუნვის ძირითადი საგანი”,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, შიდა ქართლში 2013 წლიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 840 მლნ ლარი, გაკეთდა ქარის პირველი ელექტროსადგური, გაზიფიცირების თვალსაზრისით შიდა ქართლში გაჩნდა 30 ათასი ახალი აბონენტი, წყალმომარაგების ნაწილშიც ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების” ზრუნვის ძირითადი საგანი. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური შრომა მთავრობის, რომელმაც ღირსეული ყოველდღიური შრომის პირობები უნდა შეუქმნას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შიდა ქართლში 2013 წლიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 840 მლნ ლარი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ აქ გაკეთდა ქარის პირველი ელექტროსადგური. ეს იყო ბატონი კახის წამოწყება 20 მეგავატიანი, რომლისაც, მერწმუნეთ, არავის სჯეროდა, მაგრამ ეს გაკეთდა. დღეის მდგომარეობით, აქ შიდა ქართლში, გორში უკვე არის 2 პროექტი “ნიქოზი” და “ქართლი ორი” რომლებიც 200 მლნ-იანი პროექტებია და რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების თვალსაზრისით შიდა ქართლში გაჩნდა 30 000 ახალი აბონენტი, წყალმომარაგების ნაწილშიც ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ როდესაც გორში ამაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ელემენტარული სისტემური პირობები, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ. გორში, შიდა ქართლში, ჩვენი ყოველდღიური მოქმედების და ცხოვრების საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შრომით, მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი, კეთილდღეობის დონე იყოს მაღალი და ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ევროპული სახელმწიფო ჩვენი ძმებისთვის. უაღრესად მძიმეა, როდესაც ხედავ ოკუპაციის ხაზზე შენს მოქალაქეებს ორივე მხრიდან. უაღრესად მძიმეა, ის რაც დღეს ხდება მაგალითად ახალგორში, ახალგორის მიმართულებით, სხვა მიმართულებითაც, როდესაც ჰუმანიტარული კატასტროფის დონეზეა მისული, ადამიანებს საოკუპაციო ხაზის ჰუმანიტარული მიზნებით გადაკვეთის საშუალებასაც არ აძლევენ. ეს ყველაფერი მძიმე საყურებელია და მძიმე სალაპარაკოა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ეს უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები