გიორგი გახარია: ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, დაიწყება აქედან – ქართლიდან

“ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა, ახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და თითოეული ადამიანის ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და მიწის დაცვა. 21-ე საუკუნეში. მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ, მათზე ვიზრუნოთ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით და თქვენი გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გამთლიანება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით.

„ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ხალხისთვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებით, რასაც მოაქვს თავისი დამატებითი სოციალური ბენეფიტები, ასევე გაზმომარაგებით, სასმელი და სარწყავი წყლის დახმარებით, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს როდესაც ელაპარაკები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არაფერია იმ ტკივილთან და იმ მიზანთან შედარებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან.  ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომა, ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის მაგალითად, ისიც, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ქვეყანაში არც ერთი დღით არანაირი ინფრასტრუქტურული სისტემური პროექტები არ შეჩერებულა და არც უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები