კახა კალაძე: ქართლზე გადის ფრონტის ხაზი, თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია

“სწორედ აქ, ამ ქალაქმა გადაიტანა საკუთარ თავზე ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, რომელზეც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები აღიზრდებიან”,– ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

“პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს – სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს,  ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების  არასწორ ნაბიჯებს.

თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა.
პირადად მე, როდესაც 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და ბევრ ნაცნობ ადამიანს შევხვდი, ვისთანაც ერთად, შეიძლება ითქვას, გორის მიმდებარე სოფლები ფეხით შემოვიარეთ, გვახსოვს თუ როგორი აგრესიით შეეცადა დაგვპირისპირებოდა მაშინდელი რეჟიმი.

ამან მხოლოდ და მხოლოდ განგვიმტკიცა რწმენა, რომ ეს იყო რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის  და ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა მოიგო  და წარმატებით დაასრულა”,– განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები