პოლონური ავიაკომპანია – LOT Polish Airlines-ი თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

პოლონური ავიაკომპანია – LOT Polish Airlines-ი 12 და 26 სექტემბერს თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 12 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10);
• 26 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10);
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე მათ მიერ უკვე გაიცა.
“აქვე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან/საქართველოს მიმართულებით 24 რეგულარული სამგზავრო და ორმოცამდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება. მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აგრძელებს, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია AirFrance ასრულებს, ხოლო რიგასა და თბილისს შორის სამგზავრო რეგულარულ ავიარეისებს, ასევე კვირაში ორი სიხშირით airBaltic ახორციელებს. ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებას განაგრძობს „Georgian Airways”-ი. ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამის, ვენის, პარიზისა და ბერლინის მიმართულებით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ასევე დააკმაყოფილა სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის განაცხადი ცალკეული კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი თუ ტრანზიტული მიმართულებებით მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული. ჩარტერული ფრენები ამ ეტაპზე დანიშნულია სტამბოლის, დოჰას, ათენის, ვარშავის, კიევის და მინსკის მიმართულებებით.
დადასტურებული რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php
ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებსა და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.
მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანლოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდსა  და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები