გიორგი ვოლსკი: თუ საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება, გავამძაფრებთ კიდეც
„საუბარია იმაზე, რომ გამკაცრდეს კანონი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელი დანაშაულისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლა დანაშაულია.
„რასაკვირველია, ნორმალურ სიტუაციაში ასეთი კანონი არც უნდა მიიღებოდეს. ვის მოაფიქრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები? მაგრამ ვითარებამ მოიტანა, ასეთი ვითარება შეიქმნა ჩვენ გარშემო. ეს არის არანორმალური პოლიტიკური სივრცე, რამდენადაც საქმეზე საერთოდ არ მიდის საუბარი. სპეკულაცია მიდის იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმაო ბერკეტები იმისათვის, დავსაჯოთ და შევაშინოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიფიქრეს ასეთი სისულელე – ამომრჩეველზე მოახდინონ ზეწოლა და უთხრან, შემოხაზოს მისი პარტიის ნომერი, გადაუღოს ფოტო და გამოაქვეყნოს. ვინმეს თუ დაავიწყდა, რომ ეს კანონი არსებობს, მოვაგონოთ კიდევ უფრო დაძაბული ტექსტით, უფრო გამწვავებული შეფასებით, გამკაცრებული სასჯელით. ამის წინააღმდეგი რატომ შეიძლება, იყო?
ჩვენ მივიღეთ მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო კოდექსი. საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება? გავამძაფრებთ კიდეც”, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ჩიხში შევიდა გარკვეული პოლიტიკური ოპონენტების ჯგუფი და აღარ იციან, საით წავიდნენ და რა განცხადებები გააკეთონ.
მისივე შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნა გარკვეული პოლიტიკური ფანდია, რომლითაც ოპოზიცია ყურადღების მიქცევას ცდილობს.
„ამ კანონპროექტს მხარი უნდა დავუჭიროთ. მივიღოთ ეს კანონი. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს. უმრავლესობაში ყველას ეს განწყობა გვაქვს. ურთულესი არჩევნები იქნება და ჩვენი მხრიდან მტკიცე პოზიცია იქნება საჭირო”, – განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.