მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმში ეპიდმდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და დამატებითი საკარანტინე შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ დამატებითი საკარანტინე შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება.
მისი თქმით, იმ ობიექტებზე, სადაც მოქალაქეების მაღალი კონცენტრირება ხდება, თანამშრომლების სწრაფი ტესტირება და სივრცეების ხშირი დეზინფექცია ჩატარდება.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდატურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია ვითარდება, რაც მისასალმებელია. არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც სრულად ექვემდებარება კონტროლს, მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რომ არანაირი საკარანტინე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება ბათუმში. თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიის ბიზნესის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ, დამსვენებლებმა მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომელიც, პირველ ყოვლისა, ვირუსის პრევენციას ახდენს. აღნიშნული ორმხრივი პასუხისმგებლობა გვეხმარება, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის დამატებითიშეზღუდვა, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი გვაქვს სხვადასხვა რეგიონიდან, კურორტიდან და მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთერთი მთავარი საკითხი იყო გასართობი ობიექტები, ღია სახის ღონისძიებები, მათ შორის ღია სივრცეში არსებული კლუბები და ა.შ.
„დასვენებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბიზნესმა ორი რამ გააკეთოს მაქსიმალურად: პირველი თანამშრომლების სისტემატური ტესტირება, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და მეორე სივრცეების ხშირი დეზინფიცირება.
ერთობლივი მუშაობით ჩვენ მწვანე ქვეყნის სტატუსს შევინარჩუნებთ, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს სტატუსი გვეხმარება, რომ ტურიზმის გახსნის პროცესი ძალიან ეფექტური და სწრაფი იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.