პროკურატურა შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით გამარტებას აკეთებს
საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურა ბრალდებულისგან ჩვენების და ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, განმარტებას აკეთებს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში, შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე – არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განმარტავენ პროკურატურაში.