ხვალიდან პენსიების გაცემის წესი  იცვლება

1-ელი სექტემბრიდან პენსიის გაცემის წესი შეიცვლება, კერძოდ, ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, საპენსიო თანხები ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე ჩაირიცხება. პენსიის მიმღები პირები თანხის აღებას მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.

ინიციატივის მთავარი მიზანია პენსიის ჩარიცხვის თარიღებში ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადის გადანაწილება მოხდეს, რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.

აღინიშნება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში – გაგრძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.

“ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო. ასევე, გვინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვის ცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც”, – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეციალური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში, 20%-მდე ფასდაკლება ფარმადეპოს აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში – ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები