სესიაშვილი: თუ სააკაშვილი ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებაზე ქონებების წართმევაზე – ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობაა

თუ მიხეილ სააკაშვილი ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებაზე ქონებების წართმევაზე – ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობაა, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, სააკაშვილის ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი.

„მიხეილ სააკაშვილის ბოდიში არის იძულებითი. რვა წლის განმავლობაში ერთხელ რომ არ მოიხდი ბოდიშს და რვა წლის შემდეგ, ისევ არჩევნებზე ქულების დასაწერად და ძალაუფლებისთვის რომ იხდი ბოდიშს, ამის არავის სჯერა. ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში. თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებაზე ქონებების წართმევაზე – ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობაა. მას ელოდება მართლმსაჯულება, რადგან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე. მისი ბოდიში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოში ბრუნდება, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „ბაქი-ბუქი მის ამომრჩეველზეა გათვლილი”.

„ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის ბაქი-ბუქს მე არასერიოზულად ვუყურებ. ეს ბაქი-ბუქი გათვლილია მის ამომრჩეველზე და მათ გამხნევებაზე. ჩვენი ოპონენტები არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის. მხოლოდ აქ შეუძლიათ, არეულობა და ქაოსი შემოიტანონ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ამიტომ, მისი ეს განცხადებაც სწორედ ამაზეა გათვლილი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს, რადგან „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები