მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას

„ეს არის ჩვენი კონკრეტული გზავნილი ყველას მიმართ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შეფასებისას.
„ჩვენი მოსახლეობის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს, რომ ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, თუ ვინმე გადაწყვეტს დაარღვიოს ხმის მიცემის ფარულობა, დააპიროს ვინმეს მოსყიდვა, დაშინება და ასე შემდეგ, კანონმდებლობა იქნება კიდევ უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან კონკრეტულ შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანი აიძულოს გამოიტანოს ბიულეტენი კონვერტში ჩაუდებლად, რათა დაანახოს ვიღაცას, ამ შემთხვევაშიც მკაცრი იქნება კანონმდებლობა. ასევე გამკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას შეეხება.
„ეს არის ჩვენი კონკრეტული გზავნილი ყველას მიმართ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით და არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს და უნდა გაქრეს სივრცე ყოველგვარი მანიპულაციისთვის”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები