იაკობ ბრეგვაძე: მესენჯერში ველაპარაკებოდი გოგოებს, რომ არ ენერვიულათ, არ ვუთხარი სიტუაცია, ანიმ მითხრა, რომ იცოდნენ ამბავი

მესენჯერში ველაპარაკებოდი გოგოებს, რომ არ ენერვიულათ, არ ვუთხარი სიტუაცია, ანიმ მითხრა, რომ იცოდნენ ამბავი, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ერთადერთი ადამიანია, რომელმაც 112-ში დარეკა. მან დეტალურად გაიხსენა, როგორ გაიქცა და როგორ მოხვდა მშენებარე სახლში.

“მანქანა გაჩერდა ქვაფენილის ადგილას, არ ვიცი, რა მანქანა იყო. თავიდან მეგონა სტოპზე გაჩერდა, ავტოსტოპით მოვდიოდით, გადმოვიდნენ ბიჭები ერთს რკინა ეჭირა მეორეს – ქვა, მერე გავიქეცით. მე ცალკე გავიქეცი, რკინით რომ დავინახე მოდიოდა.. სხვები რა დროს და საით გაიქცნენ, არ ვიცი. რომ მივრბოდი, უკან არ ვიყურებოდი. მერე ავედი მშენებარე შენობაში. კიბეებიდან რომ ჩამოვიხედე, უკან არავინ მომდევდა. ზევით ოთახივითაა პატარა და იქ დავიმალე. ჩანთაში ჩავდე კამერა, ზურგჩანთა გავიკეთე და გადავიხედე, გადასახტომი თუ იყო, მაგრამ არაა გადასახტომი.

შემდეგ კიბეებიდან ჩავიხედე და დავინახე 2 ბიჭი, 1 იდგა და მეორე მგონი ჩაკუზული იყო. მერე მეორე მანქანა მოვიდა და უცებ ამოვირბინე უკან. სავარაუდოდ, გიორგი იყო შაქარაშვილი, რომელიც იდგა და მეორე წაქცეული ქათამაძე, რომელიც ნაცემი იყო. 112-ში დავრეკე ერთხელ ზემოთ ყოფნის დროს და შემდეგ აივანზე რომ გავედი, მესენჯერში ველაპარაკებოდი გოგოებს, რომლებიც დაბადების დღეზე იყვნენ და ვუთხარი, მოვდივართ-მეთქი, რომ არ ენერვიულათ. რომ არ ენერვიულათ, არ ვუთხარი სიტუაცია, ანიმ მითხრა, რომ იცოდნენ ამბავი და მკითხა, რა ხდებოდა. ყველამ დეტალურად არ იცოდა, უბრალოდ ჩხიბის შესახებ იცოდნენ. ნაცემიაო ქათამაძე, ეგ მითხრეს,”- განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.

შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ბრალდებულებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, გიგა ტატიაშვილს, თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, საბა ჩხარტიშვილს, ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაცვის მხარის წაყენებული არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 11-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, ძალაში დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები