გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა ,,თიბისის” მხარდაჭერით მიმდინარეობს
ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ. გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.
რევაზ ანთაძე ერთერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან ,,თიბისის” მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი დარგო.
„ჩხავერი განსაკუთრებული ყურძენია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს. ამ ადგილას ჩემს წინაპრებს ადრე ჰქონიათ ჩხავერი, ვაპირებ, რომ თანდათან 1 ჰა-მდე გავზარდო ჩხავერის ვენახები. ამას გარდა, ჩვენს მხარეში გავრცელებული სხვა იშვიათი ჯიშების მოყვანასაც ვგეგმავ, ისეთის როგორებიცაა – ჯანი და სხილათობანი,” – ამბობს რევაზ ანთაძე.
ფერმერი პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდება. პირველ ეტაპზე რევაზ ანთაძე 5-დან 10 ტონამდე ღვინის წარმოებას გეგმავს. ჩხავერისგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული ხარისხისაა. ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიურია და გამოირჩევა ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით. ყურძნის ამ ჯიშს იყენებენ ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც. ბოთლში ჩამოსხმამდე მას 2 წლის მანძილზე ქვევრში ინახავენ.
R