რა გახდა ავარიის შესაძლო მიზეზი – შემზარავ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ვრცელდება

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც, ,,სპრინტერის“ ტიპის მიკროავტობუსი, რომელიც თბილისიდან ერთერთ ტურისტულ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, მოცურდა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, “კვირამ” დამატებითი დეტალები გაარკვია.

დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მიკროავტობუსი, შესაძლოა, 18-ადგილიანი, გადაკეთების შემთხვევაში კი 25-ადგილიანი ყოფილიყო. შემთხვევის ადგილას ნაპოვნია 17 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული მგზავრი, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში არიან. დაშავებულები თავდაპირველად დუშეთის საავადმყოფოში, რამდენიმე საათის შემდეგ კი თბილისის მე-8 საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

,,კვირა“ დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ინაშვილს დაუკავშირდა:

-დაახლოებით საღამოს ცხრის-ნახევარი იქნებოდა, როდესაც დუშეთში სასწრაფო დახმარების ბრიგადების შემზარავი საყვირების ხმა გაისმა. მალევე შევიტყვეთ შემზარავი ავარიის შესახებ სოფელ ბისოსთან და ყველანი იქ გავემართეთ. სავარაუდოდ, ავარია 6 საათზე უნდა მომხდარიყო, რადგან იქვე, ახლოს მდგარმა 4-მა მუშამ დაინახა ავარია და უსწრაფესად დარეკეს 112-ში.

– იმ დღეს წვიმდა? რა შეიძლება გამხდარიყო ავარიის მიზეზი?

-ბარში, დუშეთში, წვიმდა, მაგრამ შატილში რომ ავედით, იქ ნაწვიმარი არ იყო. ჩემი ინფორმაციით, მძღოლი პირველად იყო ამ გზაზე. თვითმხილველების საუბრით გავარკვიეთ, რომ მანქანა იმ სისწრაფით მოჰქროდა გზაზე, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი მძღოლი, თუნდაც გამოუცდელი, ასეთ გზაზე ამ სისწრაფით არ ივლიდა.

-სავარაუდოდ რა მოხდა?

-მკითხველმა რომ წარმოიდგინოს, ეს არის შატილის გზა, სადაც საათში შეიძლება ერთმა მანქანამაც კი არ გაიაროს. ახლომახლო არც დასახლებული სოფლებია. მეგზევეები ,,რავ-4“ მარკის მანქანით სწორედ ავარიის ადგილას იდგნენ და გზას ხაზავდნენ. მუშები მანქანიდან გადმოსულები იყვნენ, მანქანა კი გზის სავალი ნაწილიდან გადმოყენებული ჰყავდათ. სავარაუდოდ, ,,სპრინტერის“ მძღოლს მუხრუჭებმა უმტყუნეს და სისწრაფე აკრიფა თავდაღმართში. მძღოლი მიხვდა, რომ მანქანას ვერ აჩერებდა და სპეციალურად შეასკდა ,,რავ-4-ს“, რომ როგორმე დაემუხრუჭებინა მიკროავტობუსი, მაგრამ მაღალი სიჩქარის გამო ჯერ ცარიელი ,,რავ- 4“ გადააგდო ქარაფში და მერე თავადაც გადაიჩეხნენ. იყო კიდევ ვერსიები, რომ შესაძლოა მძღოლი გახდა ცუდად და ვერ დაინახა მოსახვევი, პირდაპირ ქარაფებისკენ აქვს გეზი აღებული, თუმცა, იქვე მდგომი მუშების აზრით, გაუმართავი მუხრუჭები უნდა გამხდარიყო ავარიის მიზეზი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილი 17 ადამიანი იდენტიფიკაციისთვის თბილისის, გორის და დუშეთის პროზექტურებში გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა გოგონაა, 4 კი ახალგაზრდა ვაჟი. ამათგან, ერთი გოგონა და სამი ბიჭი რუსთაველია.
,,კვირას“ ინფორმაციით, ტურისტულმა კომპანიამ შატილში თბილისიდან აიყვანა ტურისტები, ღამე შატილში, საოჯახო სასტუმროში გაატარეს და მეორე საღამოს უკან, თბილისში ბრუნდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები