მამუკა მდინარაძე: ვიდრე საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, რუსეთთან ვერანაირი დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი ვერ იქნება

“ვიდრე გრძელდება საქართველოს ოკუპაცია, რუსეთთან ვერანაირი დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი ვერ იქნება”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადება.

მდინარაძის თქმით, რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები აქვს შესასრულებელი.

„ეს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ რუსეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე და ა.შ. სანამ ისინი აგრძელებენ ადამიანების გატაცებას იმ ტერიტორიებიდან, სადაც ამ მიმართულებით ყველაზე რთულად გვაქვს საქმე, აგრძელებენ ბორდერიზაციას, აგრძელებენ ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მანამდე საქართველოს ექნება ეს მყარი პოზიცია და ვერ ილაპარაკებს ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე და მის ნორმალიზებაზე. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთ „ტრუდ“-თან განცხადება გააკეთა – “რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელ და მეგობრულ ურთიერთობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და ჩვენი ხალხების საერთო ისტორია და კულტურა, რომელიც მილიონობით ადამიანის აკავშირებს ერთმანეთთან”. ლავროვის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები