თამარ ტალიაშვილი: სკეპტიკოსები მარწმუნებდნენ, რომ „თემქის ხევის“ დაჭაობებულ 23 ჰექტარს 50 წელია ვერავინ მოერია და ჩვენი მცდელობაც წარუმატებელი იქნებოდა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი თბილისის მერიის მიერ “თემქის ხევის“ ადგილას ზღვისუბნის პარკის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას ეხმაურება. თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, ტენდერის საერთო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ლარია.

მისი აზრით, ასეთი მასშტაბის რეგიონული მნიშვნელობის რეკრეაციული პროექტის დაწყება პანდემიის პერიოდში მხოლოდ ისეთი ძლიერი და ქალაქზე შეყვარებული მერის პირობებში გახდებოდა შესაძლებელი, როგორიც კახი კალაძეა

„უმთავრესად ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ასეთი მასშტაბის რეგიონული მნიშვნელობის რეკრეაციული პროექტის დაწყება პანდემიის პერიოდში მხოლოდ ისეთი ძლიერი და ქალაქზე შეყვარებული მერის პირობებში გახდებოდა შესაძლებელი როგორიც ეს კახი კალაძეა. ეს ნაბიჯი ორიენტირებულია გრძელვადიან და მდგრად ურბანულ განვითარებაზე. ეს არის უნიკალური ახალი სპორტულ-კულტურულ-გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცე თბილისელებისათვის, დიდებისა და პატარებისათვის, ტურისტებისთვის,“- აცხადებს დეპუტატი.

თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, რომ ის, როგორც ზღვისუბნის(თემქა) მაჟორიტარი, ამ უბნის პრობლემების მოგვარებას და პერსპექტივას დიდ ყურადღებას უთმობს. მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხებზე მუშაობის დროს ნათელი გახდა, რომ ხელშესახები გაუმჯობესება რადიკალური ნაბიჯების გარეშე არარეალური იქნებოდა.

„საჭიროდ დავინახე “თემქის”, როგორც ყოფილი საქარხნო დასახლების განვითარების ახალი ქვაკუთხედის მოძებნა. 23 ჰექტარზე გადაჭიმული ჭაობი, რომელიც ჩემთვის უსაყვარლეს დასახლებას შუაზე ჰყოფს, მისი განვითარებისათვის, საცხოვრებლად და სამუშაოდ, ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურულ-ახალგაზრდული აქტივობებისათვის ძირითადი შემაფერხებელი ბარიერია. აღნიშნული ფუნდამენტური პრობლემის საპირისპიროდ შემოტრიალება და რაიონის აღორძინების ლოკომოტივად ქცევა იდეალურ გამოსავლად დამესახა. სკეპტიკოსები მარწმუნებდნენ, რომ „თემქის ხევის“ დაჭაობებულ 23 ჰექტარს 50 წელია ვერავინ მოერია და შესაბამისად, ჩვენი მცდელობაც წარუმატებელი იქნებოდა. მე მადლობელი ვარ ამ სკეპტიკოსების, რადგან პროექტის შექმნისა და განხორციელების დაწყების რთული პროცესი მათმა ამგვარმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო ღირსეული გახადა. ამ პერიოდში იყო მასშტაბური ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, კომპლექსური ურბანულ-რეკრეაციული გადაწყვეტილებები, პარკის არქიტექტურულ-საპროექტო სამუშაოები,“- აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და მის საკურატორო გუნდს მერიაში, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ნაძალადევის რაიონის გამგებელს ირაკლი ხელაძეს, გამგეობას, თბილისის საკრებულოს და ყველა გულშემატკივარ მოქალაქეს.

ინფორმაციას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები