„თითოეული საპონი სიურპრიზია“ – ქართველი ბარმენი ამერიკაში და გატაცება, რომელიც ქალიშვილის დაბადებას დაუკავშირდა

ლამაზი და ფერადი ხელნაკეთი საპნების დამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო.
არც სკოლის პერიოდში და არც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს არ იცოდა, რომ საპნები ასე მოხიბლავდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 წლის წინ ოჯახით წავიდა და… კოქტეილების დამზადებამ გაიტაცა. ბარმენობა მისი პროფესია გახდა. პარალელურად საპნებს ამზადებს და ამბობს, რომ თითოეული საპონი სიურპრიზია.
სამომავლოდ მაღაზიის გახსნას აპირებს. „მომხმარებელს პროდუქციის შეძენასთან ერთად შეეძლება პროცესის ყურება, თუ  როგორ ვამზადებ საპონს“ – მარიამ თვალიაშვილის პერსონა.

– დავიბადე პირველ სამშობიაროში, 1992 წლის 10 იანვარს. ისეთი უშნო ვყოფილვარ, ექთანი ბებიას მეგობარი იყო და მაგის მიუხედავადაც არ დაუმალავთ ხალხს რეაქცია:  „ნენა ზაირა ამისთანა უშნო ბავშვი ჯერ არ მინახავს და რაღა მაინცდამაინც შენი გაჩნდაო“…
მეორე დილით დამშვიდებულ და დალაგებული რომ მნახეს, ხალხი სანახავად მოდიოდა – უი, ბავშვი ასე როგორ შეიცვალაო…
8 წლის ვიყავი, მშობლები რომ გასცილდნენ და მამა საზღვარგარეთ წავიდა,
დედა გვზრდიდა მე და ჩემს 3 წლით უმცროს ძმას. მაშინდელი პირობების, განსაკუთრებით უმუშევრობის, გამო დედა იძულებული გახდა, საზღვარგარეთ ეძია სამსახური, რომ ჩვენ ფეხზე დავეყენებინეთ. მას შემდეგ ბებია და დეიდა გვზრდიდნენ. კიდევ მყავს უფროსი დეიდა, რომელიც ასევე დიდად იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში. იმდენად ახლოს ვიყავი დეიდებთან და ბებიასთან, რომ, ასე თუ ისე, მშობლების არყოლას მიმსუბუქებდნენ, თუმცაღა ვერავინ შეცვლის მათ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღე არ გათენებულა, დედასთან არ მელაპარაკა და საღამოს – „დე, სახლში ვარ“ არ მეთქვა. ამიტომ უფრო გამიადვილდა რეალობასთან ერთად ცხოვრება.
ბავშვობიდან, როგორც ალბათ ყველა ბავშვს, ძალიან ტკბილად მახსოვს ზაფხული, სოფელი, მეგობრები, ბებიის წივილ-კივილი: „სად დადიხართ, სახლში დროზე მოდით“…
– სკოლის პერიოდი …   უმაღლესი სასწავლებელი…
– არაჩვეულებრივი დრო ჩემს ცხოვრებაში, ფანტასტიკური კლასი, დღემდე შემორჩენილი უახლოესი მეგობარი, მათ შორის ერთ-ერთს ერთი წლის წინ ფილადელფიაში ჩავაკითხე.
საყვარელი საგანი: მათემატიკა.
ჩავაბარე თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, მაგრამ იმ წელს დავქორწინდი და ამერიკაში წამოვედი.
– ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ. რესტორნის სფეროში ხართ დასაქმებული. როდის დატოვეთ საქართველო?
– პირველად, 2010 წელს, 6 თვით, და 2014 წელს საბოლოოდ წამოვედი.
თავიდან საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა, რადგან ჩემმა უფროსმა შვილმა ინგლისური არ იცოდა და უცხო ქვეყანაში არ მინდოდა, თავი უცხოდ ეგრძნო. როგორც კი პირველი მეგობარი წარმიდგინა, იქ მუშაობა შევწყვიტე და  რესტორნის სფეროს შესწავლა დავიწყე. მას შემდეგ ჩემი პროფესია ბარმენობაა.
ვამზადებ კოკტეილებს და ყველა ტურისტს ვანდომებ აქ კიდევ დაბრუნებას. ჩემი პროფესიით უამრავი მეგობარი შევიძინე ქვეყნის მასშტაბით.
– თქვენ მიერ დამზადებული სხვადასხვანაირი საპნები –  ლამაზები და ფერადებია…  როდის გადაწყვიტეთ  საპნების დამზადება?
– ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, ვქმნი ან ვაფუჭებ. საქართველოში ჩემი ნამუშევრების  რამდენიმე გამოფენაც კი მქონდა.
სოფიას (ჩემი უმცროსი 4 თვის გახდება) ბავშვის „Baby shower“-ისთვის ვფიქრობდი, რამე მომემზადებინა მოსული სტუმრებისთვის და ამ ძიების დროს ვნახე, როგორ მზადდება საპონი. მაშინვე შემიყვარდა და გადავწყვიტე მესწავლა.
ასე რომ, ჩემი ქალიშვილის დაბადებას უკავშირდება ჩემი გატაცება, რომელიც დღეს უკვე შემოსავლის წყაროდ გადაიქცა.
– როგორ ქმნით დიზაინს?  შთაგონება…
– ნებისმიერმა ფოტომ ან პეიზაჟმა შეიშლება მომცეს შთაგონება. ჯერ გონებაში ვხატავ, მერე ციფრებში გადამყავს, რომ მასალა გადავანაწილო და იწყება მხიარულება. ამ საქმის ფანტასტიკური მხარე ის არის, რომ თითოეული საპონი სიურპრიზია.
– ყავისგან საპნები როგორ დაამზადეთ?
– საპნის ცივი დამზადების ტექნოლოგიას საზღვრები არ აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თიხა, ხილი, ბოსტნეული, ღვინო, ლუდი, ჩაი, ასევე – ყავა.
ყავა ბავშვობიდან უზომოდ მიყვარს და ვიცი, რომ ჩემს მომხმარებელსაც ძალიან გაახარებს, რადგან ყავის გრანულები კანისთვის მისწრებაა.
– მხოლოდ საპნებს ამზადებთ თუ სხვა ჰიგიენურ საშუალებებსაც?
-ამ ეტაპზე მხოლოდ საპნებით შემოვიფარგლები. თუმცაღა უახლოეს მომავალში ვგეგმავ არეალის გაფართოებას.
–  ჰობი…
– მოგზაურობა, რადგან ყველაზე მეტად მეხმარება მსოფლმხედველობის განვითარებაში.
– ვის აინტერესებს თქვენი ნახელავი, რა კატეგორიას? ალბათ ინტერნეტით ღებულობთ შეკვეთებს?
– დიახ, მაქვს გვერდი, რომელიც ამ ეტაპზე კიდევ მუშაობის პროცესშია:  http://www.kwsoaps.com

ძირითადად, დაინტერესებულნი არიან აქაური მაცხოვრებლები და ტურისტები.
– ოჯახი, შვილები…
– ოჯახი ძალიან მიდგას გვერდში, ჩემი მეუღლე და დედა რომ არა, ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს მარტო, განსაკუთრებით ორ შვილთან ერთად.
თუმცაღა დედაჩემი, ყოველ დილას, დედის ლოცვების მერე ღმერთს ეხვეწება, საქმე მალე ამეწყოს ისე, რომ სახლიდან გავიტანო სამუშაო მასალები, თორემ აქაურობა უკვე ლაბორატორიას ჰგავს…
– სამომავლოდ…
– მინდა მაღაზიის გახსნა, სადაც მომხმარებელს პროდუქციის შეძენასთან ერთად შეეძლება პროცესის ყურება- როგორ ვამზადებ საპონს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები