სულხან სალაძე: „კომუნიკაციების კანონის“ მიღება დაჩქარებულად, შეფასების დოკუმენტის გარეშე, არ იყო სწორი

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიამ თავისი მოსაზრება უკვე დააფიქსირა და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა, თუ რატომ არის „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციური და საინვესტიციო გარმოსთვის დამაზიანებელი.
„კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ „კავკასუს ონლაინი“, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის. მიგვაჩნია, რომ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების ნაწილში კანონი სრულადაა აცდენილი საკანონმდებლო რეგულირების ერთიან ჩარჩოს და მხოლოდ ერთ კომპანიაზე, „კავკასუს ონლაინზეა“ მორგებული“, – აცხადებენ „კავკასუს ონლაინში“.
რამდენად ანტიკონსტიტუციურია კანონი და რა შეფასებებს აძლევს აღნიშბულ საკანონმდებლო ცვლილებას არასამათავრობო სექტორი, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს:
მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, განხილვების და დისკუსიების დროს ნამდვილად იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ შესაძლოა, კანონში კონკრეტული ჩანაწერი ყოფილიყო არაკონსტიტუციური. ამაზე ნამდვილად იყო საუბარი. მაშინ, დისკუსიის პროცესში , ჩვენ მოვისმინეთ შეფასებებიც, მაგრამ მე უფრო შორს ვერ წავალ, რადგან არ ვიცი რაზე აგებს მოსარჩელე მხარე სარჩელს და როგორ დაასაბუთებს ამ ყველაფერს.
რაც შეეხება თავად კანონს, რომელიც კომისიის ინიციატივით შევიდა პარლამენტში, როგორ შეაფასებდით მის შინაარსობრივ ნაწილს?
ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა თავის დროზე და მიწერილი გვქონდა საქართველოს პარლამენტისთვის ჩვენი მოსაზრებები და შეფასებები. ჩვენი შეფასებით ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, მაშინ როცა არ იყო შეფასების დოკუმენტი მომზადებული, არ იყო სწორი ნაბიჯი.
ვამბობდით მაშინაც და ვამბობთ ახლაც. ეს კანონპროექტი არ ირიცხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტების ჩამონათვალში, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა გასულიყო. რატომ გაჩნდა ასე სწრაფად და რა მიზეზებით, ამაზე არგუმენტირებული პასუხი სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები