Neweurope: საქართველოში ოპოზიცია იმდენადაა შეშფოთებული, რომ არჩევნების დაბლოკვასაც კი ცდილობს

„COVID-19-ის მართვა გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე“, – ამ სათაურით გამოცემა Neweurope აქვეყნებს ევროპარლამენტარ დაცე მელბარდეს სტატიას, რომელშიც ევროპარლამენტარი საქართველოზე საუბრობს და პარალელს ავლებს სამხრეთ კორეასთან, სადაც ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ დამაჯერებლად დაამარცხა ოპოზიცია.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის იშვიათ გამონაკლისებში ვხედავთ საწინააღმდეგო ეფექტს, როცა მთავრობა, პანდემიის წარმატებული მართვის და, შესაბამისად, პოპულარობის ზრდის წყალობით, კრიზისის პირობებში პოულობს სარგებელს არჩევნების თვალსაზრისით. ამის ორ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ სამხრეთ კორეა და საქართველო.
„სამხრეთ კორეაში ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ დამაჯერებლად დაამარცხა ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ უძლური აღმოჩნდა, კრიტიკის თუ ქვეყნის მომავლის შესახებ ახლებური ხედვის მეშვეობით გასულიყო ფონს, რის მიზეზსაც წარმოადგენს როგორც თავად ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს აღიარებული ფაქტი, რომ პრეზიდენტ მუნ ჯე ინის მთავრობა უმაღლეს დონეზე უმკლავდება ვირუსს. დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა 53 დამატებითი მანდატი მოიპოვეს, რაც ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია კრიზისის წარმატებული მართვით მოპოვებული ჯილდო, როცა საქმე ეხება არჩევნებს.
დიდი ალბათობით, მსგავს წარმატებას ადგილი ექნება სამხრეთ კორეიდან 6 000 კილომეტრის დაშორებით მდებარე საქართველოში, რომლის მთავრობის წარმატებას პანდემიის მართვის მხრივ მთელი მსოფლიო აღიარებს. ქვეყანაში დღემდე დაფიქსირდა მხოლოდ 17 გარდაცვალების შემთხვევა. შესაბამისად, საქართველო, სამხრეთ კორეასთან ერთად, ვირუსის შეკავების მხრივ ლიდერი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. აქ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ბოლო გამოკითხვის თანახმად, „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 55%, რაც სრულიად საკმარისია საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად და ბევრად აღემატება პანდემიამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს. ისევე, როგორც სეულში, აქაც საზოგადოება, როგორც ჩანს, მზადაა, დააფასოს ხელისუფლების კომპეტენტურობა საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კრიზისის მართვისას“, – ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, ავტორის თქმით, არსებობს ერთი კონკრეტული დეტალი, რომლის გამოც სიტუაცია საქართველოში უფრო დამაინტრიგებელია.
„ოქტომბერში ჩატარდება პირველი არჩევნები ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა ამა წლის მარტში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად. 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის მიუხედავად, მიიღო საარჩევნო რეფორმისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ შეთანხმების მიღწევას შუამდგომლობდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი და იგი მიზნად ისახავს საქართველოში გრძელვადიან ჭრილში პროპორციული წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრებას. ისევე, როგორც სამხრეთ კორეაში, აქაც ვხედავთ ამჟამინდელი სიტუაციისთვის უჩვეულო სურათს – არჩვენებში ოპოზიცია მარცხდება… მაგრამ განსხვავება საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია იმდენადაა შეშფოთებული, რომ არჩევნების დაბლოკვასაც კი ცდილობს! რამდენად წარმატებულია პოლიტიკური თამაშის ამ გზით წარმართვა, ამას დრო გვიჩვენებს“, – წერს ავტორი.
მისივე თქმით, ისევე, როგორც სამხრეთ კორეაში, ქართულ ოპოზიციასაც აქვს უფლება, თავი დაჩაგრულად იგრძნოს.
„მართლაც, COVID-19 არ არის მათი ბრალი და კრიზისის დროს მათ, არსებითად, არ დაუშვიათ შეცდომები თუ ხარვეზები. მათ უბრალოდ პოლიტიკურმა ბედმა უმტყუნა. მმართველ პარტიას კი „წარმატებული კრიზისი“ ჰქონდა, რის დადებით შედეგსაც იგი მოიმკის საარჩევნო ყუთებთან. დემოკრატიის პირობებში ასეთი რამ დროდადრო მართლაც ხდება, თუმცა დაუშვებელია ამის გამოყენება საარჩევნო პროცესის და დემოკრატიული რეფორმების საბოტაჟის მიზნით. დიდი და გულდასაწყვეტი დამარცხების მიუხედავად, ოპოზიციამ სამხრეთ კორეაში აღიარა როგორც არჩევნების პროცესის, ისე მისი შედეგების ლეგიტიმურობა, რითაც გამოამჟღავნა პასუხისმგებლობა და სიმწიფე. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში თბილისშიც გავხდებით მსგავსი სიმწიფის მომსწრენი.
საქართველოს შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნება ამერიკაზე, სადაც ნოემბერში დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები. ჯონსონს და მარკონს კი მეტი დრო აქვთ, რათა, დიდი ალბათობით, უკვე პოსტ-COVID-19 პირობებში გაარკვიონ ურთიერთობა ამომრჩევლებთან. ასობით მილიონი ადამიანი მოკლებულია უფლებას, პასუხი მოსთხოვოს საკუთარ მთავრობას. ჩინეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში წარმატება თუ მარცხი არჩევნებზე არ აისახება: აქ COVID-19-ის კრიზისი არაფრით განსხვავდება სხვა კრიზისებისგან. ასე რომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა”, – წერს ევროპარლამენტარი.

სტატია იხილეთ ლინკზე – https://www.neweurope.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები