რამაზ საყვარელიძე: პუტინი შესაძლოა, ცდილობს, ლუკაშენკო მოათვინიეროს ან მოიცილოს

პროცესებს წარმართავს ხალხი და ახალგაზრდობა, რომელსაც თავისუფლება სწყურია – ასეთია დასავლეთის დიდი ნაწილის შეფასება იმისა, რაც ახლა ბელარუსში ხდება. აქვს თუ არა ამ შეფასებას ლეგიტიმური ალტერნატივა – ვინ შეიძლება, ისარგებლოს ლუკაშენკოს ხლისუფლებიდან ჩამოცილებით და რა გავლენა შეიძლება, იქონიოს ბელორუსში მიმდინარე პროცესებმა საქართველოზე – ამ საკითხზე „კვირა“ ფსიქოლოგსა და ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბელორუსის ქუჩებში დგას ხალხი, ვისაც თავისუფლება წყურია – რას ფიქრობთ, რამდენად სწორია ამგვარი შეფასება, ვინ და რა დგას რეალურად ამ ხალხის უკან, მიიღებს კი ეს ხალხი რეალურ თავისუფლებას, თუ მათ  უბრალოდ გამოიყენებს გარკვეული ძალა საკუთარი მიზნის მისაწევად? 
თავისუფლებას ითხოვენ, მაგრამ რა არის ეს თავისუფლება. ჩვენც გავიარეთ  ეს პროცესი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამეს ვგულისხმობდით, როცა თავისუფლებას ვითხოვდით. ჩემი აზრით, ის, რაც ბელორუსში ხდება, უფრო ხელისუფლების მხრიდან წამოსულ ძალადობაზე რეაქციაა, ვიდრე – თავისუფლების წყურვილი. ხშირ შემთხვევაში, რეაგირება ძალადობაზე და თავისუფლება ერთ კონტექსტში განიხილება, თუმცა არის გამონაკლისებიც და ვფიქრობ, ბელორუსში ამ გამონაკლისთან გვაქვს საქმე. ლუკაშენკოს  დაჭერები და მერე დამამცირებელი ძალადობა რომ არ დაეწყო, პროტესტი ჩაქრობის პირას იყო. ჩვენთანაც ძალადობა რომ დაინახა ახალგაზრდობამ, ვგულისხმობ 2012 – ში გამოქვეყნებულ კადრებს ციხეებში არსებულ ძალადობაზე, მაშინ გამოვიდა ის ქუჩაში. თავისუფლებას უამრავი სხვადასხვა ასპექტი აქვს – ეკონომიკური,პოლიტიკური და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს ასპექტები არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი პროტესტის გამოსაწვევად, რამდენადაც – ძალადობა, რომელსაც ბელორუსში ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმას, ეხმარება თუ არა პროტესტს ვინმე გარედან. ჩემი აზრით, ეხმარება, რადგან პროტესტს კარგად ორგანიზებული სახე აქვს და, გარდა ამისა, ბევრის ინტერესშია ის, თუ ვინ იქნება ბელორუსის ხელმძღვანელი. ეს ინტერესი აშკარაა რუსეთის მხრიდან. ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის, რუსი ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ ამ პროცესებში, ანუ პროტესტის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობს რუსეთი. რუსეთი ეხმარება ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ინსპირირებული პროტესტის განეიტრალებაში და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს მას დახმარების სანაცვლოდ. არის მეორე ვარიანტიც  –  მიდის და მოდის ისეთი ძალა, რომელიც ლუკაშენკოზე უფრო დამყოლი და დამჯერი იქნება. მოკლედ, არ არის გამორიცხული, პუტინი ცდილობდეს, ლუკაშენკო მოათვინიეროს ან მოიშოროს.

შექმნილ სიტუაციაზე დასავლეთის, ანუ ევროპის მკაცრი შეფასებები და რეაქცია ლუკაშენკოს ქმედებებზე რამდენად სწორია. ნებსით თუ უნებლიეთ  დასავლეთი რუსეთის ინტერესებს ხომ არ უწყობს ხელს, რუსეთისთვის ერთგვარი სასარგებლო იდიოტების როლი ხომ არ მოირგეს?
ძნელია, დასავლეთის ქმედებას სხვა შეფასება მოუძებნო. სხვათა შორის, პოლონეთშიც გაისმა მსგავსი შეფასებები. იქ ღიად ამბობენ და მოუწოდებენ დასავლეთს, რომ ცალსახად არ შეხედოს ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს. იჩაგრება ვიღაც და დასავლეთი ხმას იღებს, რომ დაჩაგვრა მიუღებელია. დასავლეთი მოქმედებს თავისი დასავლური სტანდარტებით, მაგრამ  არის თუ არა ეს სტანდარტი უსაფრთხო იმავე დასავლეთისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ესაა საქმე. ხომ არ ხდება ისე, რომ მეტოქე და დაინტერესებული მხარე ხაფანგს ამზადებს.
ევროპისგან განსხვავებით, აშშ-ს ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია, თუ არ ვცდები, არ დაუფიქსირებია?
ამერიკა, ჯერჯერობით, მართლაც თავს იკავებს და, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამთ, გარდა იმისა,  თვალ-ყურს ვადევნებთო. როგორც ჩანს, კარგად გაანგარიშებული პოლიტიკა ბელორუსთან დაკავშირებით ამერიკელებს უფრო აქვთ, ვიდრე – ევროპას. სავარაუდოა, რომ რუსულ ინტერესს ამ პროცესში ამერიკა უფრო ხედავს.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია და პროცესების განვითარებას ელოდება, ოპოზიციის  ნაწილი პროტესტანტების მხარდაჭერას ითხოვს. ვის მხარესაა სიმართლე. როგორც ცნობილია, ლუკაშენკოა ის ადამიანი, რომელმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა. რა გარანტია გვაქვს, რომ ის, ვინც მას ჩაანაცვლებს, არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს. ისიც ფაქტია, რომ ჩვენი და დასავლეთის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგალითად დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარება შეიძლება, მოვიყვანოთ?

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უბედურების ერთერთი მიზეზი დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებაც გახდა. ბევრი ამბობდა ჩვენშიც და დასავლეთშიც, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა. ოპონენტები ამ აზრს არ იზიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას. გაბედა და  რა გააკეთა დასავლეთმა, დიდწილად, ვერც ვერაფერი. ხელისუფლება ბელორუსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფრთხილია და  ეს ჩვეულებრივი პრაგმატიზმია. უკვე იმის გათვლაც შეუძლებელია, რას იზამს ლუკაშენკო და, მით უმეტეს, იმის განსაზღვრა, რას იზამს მისი შემცვლელი. ოპოზიცია ამ შემთხვევაში უფრო თავისუფალია განცხადებებში და ის ევროპულ ნარატივს მიჰყვება, თუმცა ის ეჭვიც ჩნდება, რომ ოპოზიცია ხშირად აკეთებს იმას, რაც რუსების ინტერესებშია – აცნობიერებს ამას თუ არა. ჩვენ გადაჭრით არ შეგვიძლია, ვთქვათ, ოპოზიციის მხრიდან პროტესტანტების მხარდაჭერა ბელორუსში ევროპული გულუბრყვილობაა თუ – რუსული ინტერესით ნაკარნახევი ქმედება.
საპროტესტო მოძრაობას ბელორუსში გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს ისე, როგორც – “ვარდების რევოლუციას” საქართველოში და მაიდანს  – უკრაინაში. აქედან გამომდინარე, რას ფიქრობთ, მოვლენების განვითარების რა სცენარს უნდა ველოდოთ?
თუ ლუკაშენკომ ის აღარ ჩაიდინა, რაც ჩაიდინა, დარბევას ვგულისხმობ, სიტუაციის შემოტრიალების მცირე, მაგრამ შანსი არსებობს. სხვა საქმეა, მისცემენ თუ არა მას ამის საშუალებას ქვეყნის გარეთ არსებული დაინტერესებული ძალები. ვინ იქნება ახალი ლიდერი, ამასაც დრო აჩვენებს. სხვათა შორის, მაშინ, როცა ყირგიზეთში მსგავსი პროცესები ვითარდებოდა, ლიდერები არც იქ ჩანდნენ. ერთერთი ლიდერი ციხეში იყო და რომ გამოუშვეს ციხიდან, პირველი  – რაც გააკეთა, რუსეთში ჩავიდა და გაირკვა, რომ პუტინის კაცი იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოვლენების ანალოგიური სცენარით განვითარება არც ბელარუსშია გამორიცხული.
“ხავერდოვან” რევოლუციებს გასული საუკუნის ბოლოს თითქოს დასავლეთისა და მისი ფასეულობების დომინაციისათვის უნდა შეეწყო ხელი, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საპირისპირო შედეგი დადგა. უკრაინა, სირია, ლიბია, ეგვიპტე – ამ ქვეყნებში რუსეთის გავლენა გაიზარდა ან სამხედრო დაპირისპირებაში აღმოჩდნენ ჩათრეულნი, რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი, რუსეთი ჯაბნის დასავლეთს და უფრო გონივრულად მოქმედებს, ბელორუსებს მეტი სიფრთხილე ხომ არ მართებთ? “ხავერდოვანი რევოლუციების” სცენარი თავის დროზე დამუშავდა ამერიკაში. ეს იყო სადღაც გასული საუკუნის 70-80 წლები. შარპი იყო გვარად, ვინც არაძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის კონცეფცია შექმნა. სხვათა შორის, ის ამ თემაზე მოხსენებებს მოსკოვში, მაშინდელი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში კითხულობდა და ეს ლექციები  ბალტიის ქვეყნებმა ეროვნული მოძრაობის დროს კარგად გამოიყენეს. ამერიკას ჰქონდა ასეთი იდეა, რომ “ხავერდოვანი რევოლუციებით” გასულიყო ავღანეთამდე. მას შემდეგ, რაც ამერიკამ აღმოაჩინა, რომ თვითონ შეიძლება, მოაწყოს რევოლუცია, მაგრამ ამ რევოლუციის მედროშე აღმოჩნდეს ან გახდეს სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, ამ კონცეფციაზე უარი ითქვა. სამაგიეროდ, ამ კონცეფციის ელემენტები სახელმძღვანელოდ გაიხადა რუსეთმა, დაამატა გარკვეული დეტალები და იყენებს იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნია. მოკლედ, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, თეთრები იწყებენ და იგებენ, ასე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები