წალკა – მანგლისის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, არქეოლოგიური ობიექტების გამო, დროებით შეჩერდება

წალკის მუნიციპალიტეტში წალკა – მანგლისის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროცესი, მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების გამო, დროებით შეჩერდება, – ამის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ენერგეტიკული პროექტის განახლების მიზნით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან სანებართვო პირობების შეთანხმებას, რაც არქეოლოგიური კვლევის ანგარიშზე იქნება დაფუძნებული.
გაზსადენის საპროექტო მარშრუტზე კულტურული ფენების შესწავლას გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთის საუძველზე კვალიფიციური ჯგუფი განახორციელებს, რითაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები სრულად გამორიცხება. ამავდროულად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიას გაზსადენის მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპზე ვალდებულების სახით განესაზღვრება არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა. სამშენებლო პროცესისას გამოვლენილი ყორღანები და სამარხები შესწავლის შემდგომ გაიწმინდება. კულტურული ფასეულობის მქონე მასალისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კი ობიექტები სამუზეუმო ფონსაცავებში განთავსდება.
სამშენებლო პროცესის დროს არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენის ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურისა და კვლევის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფი დღეს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდნენ, სადაც კულტურული ფენები დაათვალიერეს. წინასწარი ანგარიშის მიხედვით არსებული პროექტით გაზსადენის მშენებლობის პროცესმა არქეოლოგიური ობიექტები საფრთხის წინაშე დააყენა, რამაც სამშენებლო მარშრუტის შესწავლა და არქეოლოგიურ მეთვალყურეობა აუცილებელი გახადა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები