“ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს”

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
​„დავით სონღულაშვილი არის  პარლამენტის გამორჩეული წევრი, რომელიც ნიჭიერებითა და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება კახეთის რეგიონის მოსახლეობას და საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს”, – განაცხადა მან.
პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაცულია მოქალაქის თავისუფლება, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა.
„მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად  ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა,  არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება”, – განაცხადა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და პასუხისმგებლობით უყურებს 2020 წლის არჩევნებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების” გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებულნი გამარჯვებაში. ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები