“მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება”
“მთლიანად ქვეყანაში დღეს გვაქვს 5 ახალი შემთხვევა. ანუ, სულ დღეისთვის დადასტურებულია 1283 შემთხვევა. 5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა, ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ახალ კორონავირუსზე აღებული 800 ნიმუშის პასუხებს დღეს ელოდებიან.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა დაბა მესტიაში ახალ კოროანვირუსზე ტესტირება გაფართოვდება.
“დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება. გუშინ წინ აღებული 975 ნიმუშიდან, 2 არის მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, თუმცა, არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს.
გუშინ, 800-ზე მეტი ნიმუში აიღეს, ველოდებით პასუხებს. გაფართოებული ტესტირება გრძელდება, ვფიქრობთ, 800-900 ადამიანის გამოკვლევას ყოველ დღე. გვინდა, მთლიანად მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომე 4 ათასი ადამიანი იყოს გამოკვლეული.
მნიშვნელოვანია ის რომ, გუშინ, მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR ტესტის აპარატი გადაეცა“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.