დავით ჩიხელიძე: სიკეთეს არაღიარება დავუპირისპირეთ, დენდროლოგიური პარკი უნიკალურია

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანლის, დავით ჩიხელიძის თქმით, საქართველოში შექმნილი დენდროლოგიური პარკი უნიკალურია, რადგან ის ხელოვნურად გააშენეს და მსგავსი მასშტაბის პროექტი არცერთ ქვეყანას განუხორციელებია.
ჩიხელიძის განმარტებით, პირველ ყოვლისა, ის გულისხმობს გადარგული ხეების ასაკსა და მოცულობას, ასევე, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნისთვის სრულიად უცხო, უნიკალური ელემენტების ჩამოტანა/ჩამოყვანას, გაშენებას.
„დენდროლოგიური პარკის რეალური ფასი ყველაზე კარგად მეცნიერებმა იციან, რადგან მათ მუშაობისა და ახალი სამეცნიერო აღმოჩენებისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ პარკში ვიზიტორთა ნაკადი გახსნის დღიდან არ წყდება”, – ამბობს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონის შეტანის ფაქტს.
„მსოფლიომ აღიარა, ჩვენ კი არ ვაღიარეთ. ფაქტია, მსოფლიო მასშტაბით ივანიშვილი გახდა ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი თანხა გადარიცხა ამ პანდემიასთან ბრძოლაში. ყველამ ერთად ვნახეთ, რომ აღნიშნული თანხა საზოგადოების კეთილდღეობასა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხმარდება”, – განაცხადა დავით ჩიხელიძემ.
პარალელურად, ის ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნის ფაქტზე და ამბობს, რომ საზოგადოებამ არც ეს აღნიშნა სათანადოდ.
„მალე პირველ სტუდენტს მიიღებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის შესახებ მსოფლიო საუბრობს (სრულიად სამართლიანად), მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის – „გავატარეთ” … კიდევ უამრავი ფაქტის თქმა შეიძლება, სადაც სიკეთეს, უბრალოდ, არაღიარება, არდანახვა (იგნორი) დავუპირისპირეთ… სამწუხაროდ, გულგრილობა და არდანახვა საზოგადოების ყოველდღიურობად და ჩვენს პრობლემად იქცა, დღესაც როგორი აქტუალურია კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”…..
პ.ს.ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დასტურია, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია განათლება და მომავალი თაობა. ქართველი ადამიანისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას, სწორედ ამაზე მიუთითებს გელათისა და იყალთოს აკადემიები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრები იყო. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ქუთაისში, იქ – სადაც ისტორიულად საგანმანათლებლო მძლავრი კერა არსებობდა, განათლების სექტორის განვითარების ახალი ეტაპი ეწყება”, – განმარტა დავით ჩიხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები