ამირან გამყრელიძე: რუსულ ვაქცინას ცოტა სკეპტიკურად უყურებენ
“რუსულ ვაქცინას, როგორც ვიცით, ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია – მისი შედეგები გამოქვეყნებული არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი საერთაშორისო სამეცნიერო პრესაშიც არსებობს.
„რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენთანაც ის ინფორმაციაა, რაც მასობრივი ინფორმაციის წყაროებში არის. ამ რუსულ ვაქცინას, როგორც ვიცით, ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია – არ არის გამოქვეყნებული მისი შედეგები. ამიტომ, ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა რუსეთის მარეგულირებელმა ის დაამტკიცა გამოყენებისთვის. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი-მეორე ფაზის და არც, განსაკუთრებით, მესამე ფაზის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.