ამირან გამყრელიძე: არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებული არ არის.
მისი თქმით, მეორე ტალღის დაწყება, სავარაუდოდ, შემოდგომაზეა მოსალოდნელი.
„არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე ტალღასთან დაკავშირებული არ არის. ეს, ძირითადად, პროგნოზირებადი იყო, როდესაც შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, გავხსენით საზღვრები და მიმოსვლა უფრო ფართო გახდა, გააქტიურდა შიდა ტურიზმი, ეს პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მატება გვექნებოდა. ამიტომ, ეს არ არის მეორე ტალღა. ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არსებობა, როდის და რანაირად დაიწყება მეორე ტალღა, რთული საკითხია, ამას ვერ ვიტყვით. მისი დაწყება, ალბათ, უფრო მეტად მოსალოდნელია შემოდგომაზე, როდესაც დაიწყება რესპირაციული ცივი სეზონი და ეს ჩვენთან არის უფრო ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.