„ანგელოზური მსახურება ქართული აგიოგრაფიისა“
ცნობილი მეცნიერის, გრივერ ფარულავას გარდაცვალებას ფილოლოგიის დოქტორი რამაზ მეფარიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში.
„გრივერ ფარულავა – ასე უნდა იცხოვრო…
გრივერ ფარულავა ჩემი მასწავლებელი გახლდათ, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა შესაშური ღირსებით განვლო. თავიდანვე დაეპყრო მისი არსება ქართული კულტურის სიყვარულს, რასაც თავმოდრეკით ემსახურებოდა. ამის დასტურია ბატონი გრივერის მრავლისმეტყველი მეცნიერული მემკვიდრეობა. სანატრელი ხვედრი გვხვდა, რომ №972 ჯგუფს რევაზ სირაძე და გრივერ ფარულავა გვიკითხავდნენ ძველ ქართულ ლიტერატურაში.
იშვიათად მინახავს სულის სიღრმემდე ტექსტის ესოდენ გათავისება. თითქოსდა ტექსტები ჩვენ თვალწინ ცოცხლდებოდნენ და დროში მათთან ერთად ვიმყოფებოდით. რა შეიძლება დაერქვას ამას? – ეს არის ანგელოზური მსახურება ქართული აგიოგრაფიისა. ახლა უკვე აღარ არის ამ წუთისოფელში. უკვე სამუდამო სიცოცხლე დაიწყო, სადაც ნათელშია დავანებული მისი ამაღლებული სული“, – წერს რამაზ მეფარიშვილი.