ირაკლი ღარიბაშვილი: ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია

„უნდა, შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, თუ რა მტრულ, ბოროტ ძალასთან გვქონდა საქმე“ – ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის ნაკრძალში გააკეთა, სადაც მმართველმა გუნდმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.

ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წინა ხელისუფლების ქმედებები და ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში ექსპრეზიდენტის პოლიტიკური სვლები შეახსენა და მიხეილ სააკაშვილი დეგრადირებულად მოიხსენია.

„მე, რა თქმა უნდა, აქ არ მოვსულვარ იმისათვის, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე, ვინაიდან, ჩვენ ვართ პოლიტიკურ კამპანიაში და ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, თუ რა მტრულ, ბოროტ ძალასთან გვქონდა საქმე და როგორი ვერაგი, მტრული ძალა ჩვენ ყველამ ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიცილეთ. მოვიცილეთ, როგორც ერთგვარი სახადი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები, ამ კონკრეტული პოლიტიკური ანტისახელმწიფოებრივი ძალის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმ მემკვიდრეობაზე, რაც მოქმედ ხელისუფლებას წინა მთავრობისგან ერგო და ოპონენტების მხრიდან წამოსულ კრიტიკასაც უპასუხა.

„ჩვენ გუშინ გაგვაკრიტიკეს ოპონენტებმა, რომ ჩვენ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ წარსული კარგად გვახსოვს და გვემახსოვრება ყოველთვის. როგორ შეიძლება მოქალაქემ დაივიწყოს აგვისტოს ომი, ის ტრაგიკული დღეები და ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ იხილა. არც ერთ შემთხვევაში მეგობრებო, ჩვენ ამას ყოველთვის გავახსენებთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გააუმჯობესოს. მოგეხსენებათ, რომ 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ არაერთი ომი, არაერთი შიდა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ ჩვენივე ქვეყანა. აი, ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლებისა და მთავრობების ქმედებებით ვართ იქ, სადაც ვართ. ამ ყველაფრის აღდგენას, ბუნებრივია, სჭირდება დრო, დრო რომელიც ყველაზე ძვირფასია, რომელიც ჩვენ ყველას გვეჩქარება, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლიდერის და ჩვენი მთლიანი გუნდის საერთო მობილიზებით, საერთო ორგანიზებით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლო. 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ უნდა, გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, ეს არის მშვიდობა უპრეცედენტო, 8 – წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად , 30 წლის განმავლობაში,  არ გამოუცდია. ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და კიდევ გავიმეორებ , ყოველთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები