პუტინი: რუსეთმა, მსოფლიოში პირველმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა.

ამის შესახებ მან რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.​

“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა”, – განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა.

პუტინმა ქვეყნის პრემიერ მიხაილ მიშუსტინს სთხოვა ვაქცინის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, თუმცა დასძინა – “ვიცი, რომ ის ძალიან ეფექტურად მუშაობს, ის მდგრადი იმუნიტეტის ფორმირებას ახდენს და გავიმეორებ, მან ყველა შემოწმება გაიარა”.

მისივე თქმით, მისი ერთერთი ქალიშვილი აღნიშნული ვაქცინით აიცრა. “ერთერთმა ჩემმა ქალიშვილმა გაიკეთა ასეთი აცრა. ის ექსპერიმენტში მონაწილეობდა. პირველი აცრის შემდეგ მას ტემპერატურა 38 ნიშნულზე ჰქონდა, მეორე დღეს – 37 და დამთავრდა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მიშუსტინის თქმით, პრეპარატის წარმოება დაგეგმილია ორ ცენტრში, თვითონ გამალაის ცენტრში, ასევე, კომპანია “ბინოფარმ”-ში.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო რეესტრის მონაცემით, რუსული ვაქცინის სამოქალაქო ბრუნვა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

რუსული ვაქცინის შესახებ ცნობილია ის, რომ მისი კვლევა გამალაის სახელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა, ხოლო კლინიკური ცდები ჩატარდა ბურდენკოს სახელობის რუსეთის მთავარი სამხედრო ჰოსპიტალსა და სეჩინის სახელობის ინსტიტუტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები