თეა ახვლედიანი: ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგება და თანაცხოვრება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საუკეთესო დაფასება იქნება
„პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ღირსების დასაცავად თავი დაუფიქრებლად გასწირეს”, – ამის შესახებ შინდისის გმირების მემორიალთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგება და თანაცხოვრება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საუკეთესო დაფასება იქნება.
„პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაუფიქრებლად გასწირეს თავი სამშობლოს ღირსების დასაცავად. ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების, გმირების სულისკვეთებამ და თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, უფრო მეტი შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გაძლიერებაზე. ასევე, ომით გაყოფილი საზოგადოების მშვიდობიანი გზით შერიგებაზე და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოში არცერთ ოჯახს არასდროს მოუწიოს მსგავსი ტრაგედიის გადატანა, რაც ჩვენი გმირების თითოეულმა ახლობელმა განიცადა. სწორედ ამ მიზნების წარმატებით მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება და ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ამისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მშვიდობიან მიზნებს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.