არის თუ არა ბაჩანა ლობჟანიძე გულწრფელი და რას ფიქრობენ ფსიქოლოგები მასზე
ბაჩანა ლობჟანიძე 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენიდან 2 კვირის შემდეგ გამოჩნდა და სამართალდამცავებსა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ახალგაზრდა პროგრამისტის შეყვარებული და უახლოესი მეგობარი იყო.
მას შემდეგ ბაჩანა ლობჟანიძე ქართულ მედიაში ყველაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების შუაგულში მოექცა და ტყუილ-მართლის კორიანტელი დაატყდა თავს. ბაჩალიაშილების ოჯახი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და მედიის ნაწილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის ცხოვრებაში ძალოვანი სტრუქტურების “ჩანერგილია” ჯერ კიდევ გოგონას სიცოცხლეში. თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ლობჟანიძე ფსიქიატრის ცნობასაც კი ვერ წარმოადგენს საკუთარი ადეკვატურობის დასადასტურებლად.
“კვირა” ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს დაუკავშირდა და მათ სთხოვა კომენტარი, თუმცა ტიტულოვანმა ქართველმა სპეციალისტებმა ამჯობინეს, თავი შეეკავებინათ კომენტარისგან. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არასერიოზულია, მხოლოდ ტელეეკრანიდან იმსჯელო ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და გამოიტანო დასკვნა, ტყუის ის თუ სიმართლეს ამბობს.
მარიამ ჭუმბურიძე, ფსიქოლოგი:
-ადამიანის შეურაცხადობის დადგენისათვის არასერიოზულია მხოლოდ ეკრანიდან მიღებული ინფორმაციით მსჯელობა. ფსიქიატრის სამედიცინო დასკვნა მხოლოდ სერიოზული კვლევის შედეგად გაიცემა. ადამიანს დააბრალო, რომ ის არ არის ნორმალური, სერიოზული ბრალდებაა. რაც შეეხება, ტყუილს ამბობს ის თუ მართალს, არსებობს სიცრუის დეტექტორი, რომლის ცდომილებაც, დაახლოებით, 30 %-ია და არც ისაა აბსოლუტურად უშეცდომო. გარდა ამისა, ჟესტების ენა, რომელიც ამბობს, რომ თუ ადამიანი თვალებში არ გიყურებს, ან პასუხისას მარცხნივ და ზევით იყურება, ის რაღაცას მალავს ან ტყუის. თუმცა, თუ არსებობენ მთელი რიგი სპეციალობის კარგად გაწაფული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯესტურ ენასაც იმორჩილებენ, არც ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი დაკვირვება ზუსტი.
-თქვენი შთაბეჭდილებით, ბაჩანა ლობჟანიძე რამდენად ჰგავს კარგად გაწაფულ აგენტს თუ შეურაცხად ადამიანს?
-გახმაურებული მკვლელობების საქმეებს თვალს არ ვადევნებ, მხოლოდ თქვენი თხოვნით ჩავრთე ტელევიზორი და თვალი შევავლე ამ ბიჭის რამდენიმე ინტერვიუს. ჩემი, გარედან მაყურებელი ადამიანის შთაბეჭდილებით, ბიჭი აშკარად არ ჰგავს მისი თაობის ბევრ წარმომადგენელს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცადამაინც არანორმალურად უნდა მივიჩნიოთ. მასას ახასიათებს სტერეოტიპი: ვინც მე არ მგავს, ჩემი მტერია. ასე არ არის, რა თქმა უნდა. მართალია, მეტყველების პრობლემაც აქვს და მთლად გამართულად ვერ აყალიბებს თავის აზრებს, ხშირად სიტყვებსაც კი ეძებს გონებაში და ამის გამო პასუხებს აყოვნებს, მაგრამ არც ეს მიმაჩნია მაინცადამაინც იმის მაჩვენებლად, რომ ბიჭი საქმეში ძალოვანებმა “ჩანერგეს“ და ახლა გამოძიება სწორ კვალზე ვეღარ დადგება. ხშირად ვყოფილვარ სასამართლოში მიწვეული ფსიქოლოგი და ვიცი, რომ ვერსიები კი არ არის მთავარი გამოძიებისას, არამედ – მტკიცებულებები. თუ ამ ბიჭის გამოჩენამ გამოძიება კიდევ რამდენიმე სხვა, ახალი მიმართულებით ამუშავა, რომელიც შესაძლოა, სრულიადაც არ აღმოჩნდა ლოგიკური, არაუშავს. ჯობს, ზედმეტი ვიმუშაოთ, ვიდრე რამე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს თვალთახედვიდან.
მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი:
-ბაჩანა ლობჟანიძე აიტი სპეციალისტია. უმრავლესობა მათგანში აუტისტური სპექტრი შეიმჩნევა. იმედია, არ გამინაწყენდება მკითხველი, ჩვენ, ყველას, საკუთარი პროფესიები დაღს გვასვამს. მაგალითად, მასწავლებელი ისეთი არ არის, როგორიც ექიმი, პროგრამისტი თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელიც შესაძლოა, ირეალური იყოს, განსხვავებული ჩვენი, უმრავლესობის სამყაროსგან. ისე, კაცმა არ იცის, რომელი სამყარო უფრო რეალურია – ჩვენი თუ მათი. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებს სიყვარულის განცდაც სხვაგვარი აქვთ და ერთგულებისაც, ემოციებსაც სხვაგვარად გამოხატავს.
-რაც შეეხება ოჯახის ეჭვს, არის თუ არა ბაჩანა ლობჟანიძე ,,ჩანერგილი აგენტი“ მათი ქალიშვილის საქმეში?
-ამ საშინელი ტრაგედიის გამოძიებას თან ახლავს დიდი უნდობლობა. არც ერთი მხარე, არც ერთი მოწმე არ ენდობა ერთმანეთს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ბრალდებულთან ლაპარაკი უფრო ადვილია, ვიდრე – ჭირისუფალთან. როდესაც დაზარალებულთან მუშაობ რაიმე საკითხზე, თუნდაც სულ უმნიშვნელოზე, ეჭვის გამოთქმის უფლება არ გაქვს. სრულიად უმნიშვნელო ფრაზებს დაზარალებულები იმახსოვრებენ და მერე მუდმივად ფიქრობენ ამაზე. ეჭვი არ უნდა გაუღვივო ადამიანს, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ხარ იმაში, რასაც ამბობ. ყველა სხვა შემთხვევაში ეს ეჭვი ტრაგიკულად მოქმედებს დაზარალებულის ფსიქიკაზე. მათი წამოგება ჭორების ანკესზე ძალიან ადვილია…
-მიგაჩნიათ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი ახლა არავის, მათ შორის, საკუთარ ადვოკატსაც, არ ენდობა?
-ახლა ოჯახი ძალიან დათრგუნულია და საკუთარ თავსაც არ ენდობა. აუცილებლად უნდა იყოს ერთი მაინც ისეთი ადამიანი, რომელსაც დაუჯერებენ. შეიძლება, ეს ადვოკატიც იყოს ან მეგობარი, რომლის ნათქვამსაც ოჯახისთვის წონა ექნება. ჭიაყელა მოაბა ანკესს, მერე ჭირისუფალს გადაუგდო და შენს ნებაზე ათამაშო, არ არის პატიოსანი საქციელი. არ შეიძლება, ისარგებლო ჭირისუფლის ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ვინც უნდა იყო…
-გამოძიება, სხვა ვერსიებთან ერთად, სუიციდსაც განიხილავს, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.
-ჩემს პრაქტიკაში არ მქონია შემთხვევა, რომ სუიციდის შემთხვევაში ოჯახს კატეგორიულად არ უარეყო ეს ვერსია. ,,არა, ის თავს არ მოიკლავდა!“ – ყველა ჭირისუფლის კატეგორიული განცხადებაა. მათთვის მკვლელობის ვერსია უფრო ადვილი მისაღებია, ვიდრე – სუიციდის, რადგან შემდეგ ჭირისუფალს ერთვება დანაშაულის გრძნობა; რა დავაკელით, რა ვერ გავაკეთეთ ისე, რამ გადააწყვეტინა თავის მოკვლა?.. არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზიც, რის გამოც ჭირისუფალი ძალზე წუხს – მათ უნდათ, არსებობდეს სულ მცირედი ეჭვიც კი, რომ ადამიანს თავი კი არ მოუკლავს – მოკლეს, რადგან ამ შემთხვევაში ოჯახს ეკლესია წესის აგების უფლებას აძლევს. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემს პრაქტიკაში 100 შემთხვევიდან 100 ჭირისუფალი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალება სუიციდით წარმოუდგენელია, რომ ის აუცილებლად მოკლეს. ასეთია ოჯახთა აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა.
ია დანელია