პრეზიდენტი – ანზორ ერქომაიშვილს: თქვენ შეუნარჩუნეთ ახალ თაობებს ქართული სული, იდენტობა, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შინაგანი ძალა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ერმა შექმნა მრავალხმიანობა და ის მსოფლიოს გააცნო.
მისი თქმით, ქართველი ერი, შესაძლოა, იმიტომ გადარჩა, რომ ის მღერის მუდამ, ჭირში და ლხინში, ასევე ძალიან მძიმე პერიოდებშიც.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა კომპოზიტორ ანზორ ერქომაიშვილის იუბილეზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“თუ არა ის სიმღერები, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ, აღმოაჩინეთ, შეგვინახეთ და შეუნახეთ მომავალ თაობებს – ჩვენ არ ვიქნებოდით ის რაც ვართ. არც ერთი ქართველი ვერ იტყვის რომ ქართველია, თუ არ აქვს მოსმენილი “მრავალჟამიერი”, მეგრული “ნანა”, გურული კრიმანჭული და ასე შემდეგ, საგალობლები რომლებიც გვაქვს და რითაც ჩვენ ვლოცულობთ.
ქართველი ერი არის ის ერი, რომლმაც მოიტანა არა მხოლოდ მრავალხმიანობა და გააცნო მსოფლიოს, არამედ ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მღერის მუდამ. მღერის ჭირში, ლხინში, მღერის როცა მუშაობს, ეკლესიაში და ეს არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამით ვართ ჩვენ ასეთი ძლიერი, ალბათ, ამიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს ამის საშუალება, რომ თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდში ვიმღეროთ. ვისაც ასევე სვანური “ზარი” არ გაუგონია იმან არ იცის რა არის საქართველო.
ეს არის პირადად თქვენი დამსახურება. აქ, ჩვენს ზურგს უკან დგას “რუსთავი”, ეს არის ის ანსამბლი რომელსაც უხელმძღვანელეთ 50 წელზე მეტხანს და ეს არის ერთი ასეთი მაგალითი.
მე მინდა ვთქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ასწავლეთ ახალ თაობებს, თქვენ შეუნარჩუნეთ ახალ თაობების ქართული სული, ქართული იდენტობა, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შინაგანი ძალა”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.