ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება, მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპლექსი, რომელიც შპს „აგროკომპლექსს“, შპს „სართიჭალა ვაინიარდ კომპანიას“, შპს „დმანისის მეცხოველეობას“ და რამდენიმე სხვა კომპანიას აერთიანებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების – „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ ბენეფიციარია.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში ახალი მეურნეობები ყალიბდება, ასევე მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი. „აგროკომპლექსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის კომპანიაა საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაა წარმოდგენილი. მათ შორის, კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია სუფრის ყურძნის ბაღი, რაც იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობას ქმნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აგროკომპლექსი 1200 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული მეურნეობაა, რომელიც იტალიური ჯიშის სუფრის ყურძნისა და ვაშლის ინტენსიურ ბაღებთან ერთად, Maisadour ჯიშის სიმინდის (საფრანგეთი) ნათეს ფართობებს, ვაშლის შესანახ სამაცივრო მეურნეობასა და მეხორცული ჯიშის ფერმას აერთიანებს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ბაღები აღჭურვილია თანამედროვე საირიგაციო და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით. სამაცივრო მეურნეობაში დანერგილი ULO ტექნოლოგია კი, ხილის იერსახის და ღირებულებების ხანგრძლივ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
აგროკომპლექსში მუდმივად 70, ხოლო სეზონურად 100 ადგილობრივი პირია დასაქმებული.