სალომე ზურაბიშვილი – ანზორ ერქომაიშვილს: თქვენ მომავალი თაობებისათვის შეინარჩუნეთ ქართული სული და ქართული იდენტობა, რომელიც ჩვენი შინაგანი ძალაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქორმაისტერი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო დღეს ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სოფელ აცანაში, საზეიმოდ გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ქორმაისტერის დამსახურებებს შორის მის პედაგოგიურ მოღვაწეობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალების დაარსებასა და იუნესკოში მოღვაწეობას გაუსვა ხაზი.

“ეს სახელმწიფო ჯილდო ნიშანია იმისა, რომ თქვენ ამ ხალხის ფოლკლორს ემსახურებით და თქვენ მიერ გავლილი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია და ძალიან მნიშვნელოვანია.

რომ არა მრავალხმიანობა, რომ არა ეს სიმღერები, რომლებიც თქვენ აღმოაჩინეთ, შემოუნახეთ მომავალ თაობებსა და გადაარჩინეთ, რომ არა ეს, ჩვენ არ ვიქნებიდით ის, რაც ვართ.

ვერცერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერი, თუ არ მოუსმენია მეგრული ნანა და გურული კრიმანჭული, იმ საგალობლებისათვის, რითაც ჩვენ ვლოცულობთ.

ქართველი ერი ის ერია, რომელმაც მოიტანა მრავლხმიანობა და გააცნო მსოფლიოს. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მუდამ მღერის ლხინსა და ჭირში, მღერის როცა შრომობს,  მღერის ეკლესიაში და ეს სიმღერა მისი ცხოვრების განუწყვეტელი და განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ამით ვართ ჩვენ ასეთი ძლიერი.

ალბათ, ამიტომაც გადავრჩით, რადგან იმის საშუალება გვაქვს, რომ თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდსა და ომში ვიმღეროთ.
ვისაც სვანური ზარი არ მოუსმენია, იმან არ იცის რა არის საქართველო. ეს ჯილდო პირადად თქვენთვის და თქვენი დამსახურებისთვისაა. თქვენ ახალი თაობებისათვის შეინარჩუნეთ ქართული სული, ქართული იდენტობა, რომელიც ჩვენი შინაგანი ძალაა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს.

თავის მხრივ, ანზორ ერქომაიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უდიდესი დაფასებისა და სახელმწიფო ჯილდოსათვის.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ექსპედიციიის შედეგად აღმოჩენილი  ცნობილი ლოტბარების, ძმების ხუხუნაიშვილებისა და ჯგუფის “შვიდკაცას” წევრების საფლავები მოინახულა. აღმოჩენილია ხუხუნაიშვილების ანსამბლის  6 წევრის საფლავი.

ექსპედიციას სათავეში ედგნენ: ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი დათო ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, რომლებიც აცხადებენ, რომ  ხუხუნაიშვილების ანსამბლის შემოქმედება ქართულ ფოლკლორში ერთ-ერთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და მათ საპატიო ადგილი უჭირავთ ასევე, მსოფლიო ფოლკლორის ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები