იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აგვისტოს ომი ის ტრაგიკული მოვლენაა, რომლის შედეგებსაც ქვეყანა დღესაც იმკის. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდასა და უფლებების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მალე გამოაქვეყნებს.
„აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღეს კვლავ იმკის. ჩვენი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. პირველ ყოვლისა, ეს ის დღეებია, როდესაც ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკარგა სიცოცხლე და სამშობლოს შეეწირა, მათ ოჯახებს ვუსამძიმრებთ და ვამბობთ, რომ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან დავიწყებულები. საქართველო აგრძელებს ბრძოლას, ბრძოლას მშვიდობიანი მეთოდებით, ხოლო მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რათა საქართველოს შევძინოთ არა მხოლოდ ის პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც მრავლად არსებობს არაღიარების თემაზე, არამედ ჩვენს მომავალ თაობებს შევძინოთ სამართლებრივი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოს დავის ფარგლებში, რომელიც დაადგენს იმ რეალობას, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილია: მიმდინარე ოკუპაცია, ქართველების ეთნიკური წმენდა და უფლებების დარღვევა, რაზეც ჩვენ უკვე მერამდენე წელია, ვჩივით სტრასბურგის სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას ძალიან მალე გამოაქვეყნებს“, – განაცხადა წულუკიანმა.