„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ბოდიშს უხდის და მზადაა ბილეთების საფასური აანაზღაუროს

  „საქართველოს რკინიგზა” ბათუმი – თბილისის მარშუტზე შექმნილი პრობლემისა და დაგვიანების გამო მგზავრებს ბოდიშს უხდის. როგორც „საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, გუშინდელი და დღევანდელი დაგვიანების მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა. ძლიერმა ქარმა დაარღვია საკონტაქტო ქსელის გაბარიტი, რასაც მოჰყვა მატარებლის მოძრაობის შეფერხება. მათივე განცხადებით, პირველი თებერვალს ხანგრძლივი დაგვიანება უკავშირდება 2011 წლის 12 მარტს შეძენილ და 2013 წლის პირველ ნახევარში მიღებულ ჩინეთში წარმოებულ ელექტრომატარებლებს. „საქართველოს რკინიგზა“ მზადაა მატარებელი N851 მახინჯაური-თბილისის პირველი თებერვლის ყველა მგზავრს აუნაზღაუროს სამგზავრო ბილეთის საფასური. ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღება მოქალაქეებს საქართველოს რკინიგზის საინფორმაციო სამსახურს ნომერზე – 1331 შეუძლიათ.
„აღნიშნულის შეძენისას ტექნიკურ დავალებაში არ იქნა გათვალისწინებული საქართველოში არსებული კლიმატური პირობები.   სექციებს არ აქვს შესაძლებლობა ჩაებას ლოკომოტივს, რის გამოც ჭიანურდება პრობლემის აღმოფხვრა. გაუმართავი ტექნიკური დავალების გაცემის თაობაზე ხორციელდება მოკვლევა შესაბამისი უწყებების მხრიდან. ამჟამად ჩინელი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს აღნიშნული სამგზავრო შემადგენლობების ადაპტირება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებთან. საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს მიიღო გადაწყვეტილება გააკეთოს ინვესტირება 10 მილიონი ლარის ოდენობით, რათა ხაშურისა და თბილისის დეპოების ბაზაზე შეიქმნას სამგზავრო მატარებლების რემონტისა და მოდერნიზაციის სიმძლავრეები. საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ამჟამად სწავლობს შესაძლებლობას და აწარმოებს მოლაპარაკეკბებს შვეიცარულ და გერმანელ ელექტრომატარებლების ლიდერ მწარმოებელ კომპანიებთან, რომ 2015 წელს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში შეისყიდოს და მომხმარებელს შესთავაზოს მგზავრობა თანამედროვე ორსართულიანი ელექტრო მატარებლით”, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები