ანაკლიის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ანაკლიის ცენტრალურ გზაზე, განმუხურის გადასახვევთან გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებული კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

მისივე განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ორჟონიას განცხადებით, ავარიისას დაშავებული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას და იგი სრულიად კონტაქტურია.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ წუთისთვის მკურნალობას გადის კლინიკის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უგრძელდება მკურნალობა”, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.

4 აგვისტოს ანაკლიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები