“სატრანსპორტო რეფორმის შემუშავების დროს უცხოელი ექსპერტების მთავარი პირობა იყო, რომ პროცესში პოლიტიკა არ შემოგვეტანა”
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იყვნენ ჩართული.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
„როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები, ექსპერტები, ვისაც ანალოგიური პროექტები ჰქონდა გაკეთებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის ჩემი ახირება ან ჩემი „ხუშტურები“. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც განხორციელდეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიებით და კონკრეტული პროექტებით. კომპანიები, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, მსოფლიოში უძლიერესი კომპანიებია. ესენია ბრიტანული კომპანია „მოტ მაკდონალდი“, დანიური კომპანია „რამბოლი“, ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გერმანული „გოპა“.
ამ კომპანიების კონსორციუმით ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგია-დაგეგმვაზე და ის რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ, სწორედ მათი დახმარებით ხორციელდება. როდესაც ჩვენ შევხვდით, მათ გაგვიკეთეს პრეზენტაცია და გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო თბილისზე ანალიზისა და შეფასების გასაკეთებლად. რამდენიმე თვეში მოხდა შეხვედრა და ამ ადამიანებმა გვითხრეს, რომ რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია, იმისთვის, რომ ეს ქალაქი გადარჩეს. მათ დასვეს მხოლოდ ორი შეკითხვა: ვიყავით თუ არა მზად ამისთვის? პირადად მე დამისვეს ეს შეკითხვა, რადგან მე გარდა ქალაქის მერობისა, პოლიტიკოსიც ვარ და ეს შეკითხვა მათი მხრიდან ობიექტური იყო. ასევე, მათი მთავარი პირობა იყო, რომ ამ პროცესში პოლიტიკა არ უნდა შემოგვეტანა. თავიდან გამიკვირდა, თუ რატომ წამოაყენეს ეს წინაპირობები, მაგრამ როდესაც დეტალებში შევედით, ყველაფერს მივხვდი. პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მომავლისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„მე გეტყვით ციფრებს – 2012 წელს 180 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს კი ქალაქში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად ეს მზარდი ციფრია. შესაბამისად, ქალაქს ვერ გავბერავთ, ვერ გავზრდით. გზების გაფართოება გამოსავალი არ არის, ეს პირიქით, ავტომობილების რაოდენობის გაზრდის წახალისებაა. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ, უალტერნატივოა და ერთადერთი გზა, რომ არსებული პრობლემა მომდევნო წლების განმავლობაში ეტაპობრივად იქნას მოგვარებული. ჩვენ ამის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ, მე და ჩემი თანაგუნდელები შეიძლება გავილანძღოთ, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.