ვინ არის შაქარაშვილის საქმის “ექსპერტ” – გიდი და რატომ მიიჩნევს კარმუშინა დონეცკს ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიად

ვინ არის გალინა კარმუშინა, რომლის სახელიც რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის, შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს უკავშირდება.

„კვირამ“ გაარკვია, რომ მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად, პრაქტიკულად, არასდროს უმუშავია და სხვადასხვა დროს ის მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 8 წლის განმავლობაში ძირითად პროფესიასთან შეხება აღარ ჰქონია.   კარმუშინამ ახლახან საქართველოში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან ლიცენზიაზე უარი მიიღო და ძალიან გაბრაზდა. გაბრაზდა „ემპათიაც“ და პროცესების წარმოჩინება ისე სცადა, თითქოს, პროფესიონალ ექსპერტს ჩვენს ქვეყანაში დევნიან, ავიწროებენ ან გახმაურებული საქმეების გამოძიებაში მისი ჩართვით საფრთხეს ხედავენ.

სინამდვილეში, ვინ და რა გამოცდილების არის გალინა კარმუშინა, როდის ან რატომ მიიღო მან რუსეთის მოქალაქეობა, სად სწავლობდა, რა ისწავლა და რაში გამოიყენა ან არ გამოიყენა ცოდნა. ამის შესახებ „კვირამ“ არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა.

ცნობილია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად 8 წლის წინ შვილთან, სანასთან ერთად ჩამოვიდა. წარმოშობით ის უკრაინელი, დონეცკელია. ჰყავს ქართველი მეუღლე დიმიტრი სულუხია. ამბობს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და, ფაქტობრივად, დევნილობაში იმყოფება, თუმცა მალავს, რომ გარდა უკრაინისა, ოფიციალურად რუსეთის მოქალაქეც არის. რასაც არ მალავს, არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსულენოვან ტურისტებს უწევს გიდობას, ერთი მხრივ, პუტინის ხელისუფლებას გმობს და მას “ოკუპანტად” მოიხსენიებს, მეორე მხრივ, რუსულენოვან ვებგვერდებზე ოკუპანტების მიერ დაპყრობილი მისი ქალაქი, დონეცკი რუსეთის ნაწილად აქვს მოხსენიებული. უფრო მეტიც, კარმუშინა შესულია უკრაინული საიტების ბაზებში, სადაც ცნობილ პრორუს პროპაგანდისტებსა და ტროლებთან ერთად მისი ფოტოც არის გამოქვეყნებული.

„კვირამ“ გალინა კარმუშინას ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლა და არაერთ საინტერესო დეტალს მიაკვლია.

რა ვიცით გალინა კარმუშინას პროფესიული განათლების შესახებ – „სად ბანაობს“?

გალინა კარმუშინა 1961 წლის 15 ივლისს დონეცკში დაიბადა, სადაც 1978 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა.

სწავლობდა ამავე ქალაქში, მ გორკის სახელობის .სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. . 1984 წელს, ინსტიტუტის დასრულებისთანავე სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა,

გალინა კარმუშინა 1998 წელს შვილთან ერთად საცხოვრებლად ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) გადადის, სადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ხდება. ფედერალური ხელისუფლების პრეზიდენტი იმ დროისთვის ბორის ელცინი იყო. „კვირამ“ მოიპოვა 1998 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტიც, სადაც ჩანს, რომ კარმუშინასთვის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას ხელი სწორედ მან მოაწერა. ექსპერტ-კრიმინალისტის ბიოგრაფიაში არაფერია ცნობილი, თუ რას საქმიანობდა ის, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგში. ამ ეპიზოდზე არც თვითონ საუბრობს და არც ღია წყაროებზე იძებნება ინფორმაცია. 1999 წელს კარმუშინა ოჯახთან ერთად დონეცკში ბრუნდება, სადაც 2011 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ ინსტიტუტში მუშაობს, აქ ის კითხულობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თეორიულ კურსს.

უკვე 2004 წელს კარმუშინა სამართალმცოდნეობის სპეციალობას დაეუფლა, მოგვიანებით კი პროფესორის ხარისხიც მიიღო. თუმცა, მის ბიოგრაფიაში არსად წერია, რომ ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და პრაქტიკოსია. აღნიშნულ სფეროში მას არცერთ ეტაპზე გამოცდილება არ ჰქონია.

ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ქართველ ექსპერტ კრიმინალისტებსაც. ცოტა ხნის წინ, როდესაც გალინა კარმუშინას გვარმა გახმაურებულ საქმეებზე გაიჟღერა, მაია ნიკოლეიშვილმა კოლეგა ამ რეპლიკით შეაფასა: “სად ბანაობს?” მას აქვს პირველადი ექსპერტის გარკვეული უნარ-ჩვევები ან კათედრაზე მუშაობდა და პრაქტიკულ ექსპერტიზასთან შეხება არ ჰქონია ან ძალიან ცოტა ხანს იმუშავა სასექციოში პირველ რგოლში”. ნიკოლაიშვილის პოზიცია მოგვიანებით სხვა ქართველმა სპეციალისტებმაც გაიზიარეს.

არცერთ ეტაპზე, გალინა კარმუშინას არ დაუსახელებია ის კონკრეტული საქმეები, სადაც ის თავის ქვეყანაში პრაქტიკოს სპეციალისტად იყო ჩართული, თუმცა, ,,ემპათიას“ დამფუძნებელი დღემდე ამტკიცებს, რომ კარმუშინა პრაქტიკოსი ექიმ-კრიმინალისტია მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

ასეც რომ იყოს, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქესა და ,,დევნილ უკრაინელ პროფესორს“ უკვე მრავალი წელია, პროფესიასთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად, არ აქვს სასამართლო სამედიცინო ექსპეტრის ლიცენზიაც. ეს პერიოდი პროფესიული კუთხით ძალიან დიდი წყვეტაა და, რა თქმა უნდა, მის კვალიფიკაციაზეც აისახება.

რას საქმიანობდა “ექსპერტ”-გიდი საქართველოში

კარმუშინა თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ ის ქართველ დიმიტრი სულუხიაზე 2002 წელს დაქორწინდა. საქართველოში საცხოვრებლად კი 8 წლის წინ ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად ვაკე-საბურთალოს რაიონში, მცხეთის ქუჩაზე დასახლდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, 2012 წლის 29 თებერვალს ის აფუძნებს ტურისტულ კომპანია „გრინთრეიდს“. მოგვიანებით, 2015 წლიდან თბილისში ჰოსტელს ხსნის მისი ქალიშვილი – სანაც. კარმუშინა თავადვე ამბობს, რომ საქართველოში რუსულენოვანი გიდობა 4 წლის წინ დაიწყო, რადგან ჩვენს ქვეყანაში პროფესიით მუშაობა ვერ შეძლო.

საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, თავისი ფირმა აქვს დიმიტრი სულუხიასაც, ცნობილია, რომ ტურისტულ საქმიანობას ცოლ-ქმარი დღემდე ერთად ეწევა და მათ საოჯახო ბიზნესი აქვთ.

გალინა კარმუშინას ქართველი გულშემატკივრები მის შესახებ ჰყვებიან, რომ რუსული ოკუპაციის შემდეგ ის იძულებული გახდა, საყვარელი საქმიანობისთვის თავი დაენებებინა და რუსულენოვანი გიდი გამხდარიყო. ამბობენ, რომ ამან „დამანგრევლად იმოქმედა მის ცხოვრებასა და პროფესიონალიზმზე, თუმცა „კვირამ“ გაარკვია, რამდენიმე ყურადსაღები დეტალი, რაც კარმუშინას პატრიოტიზმს ეჭქვეშ უდავოდ აყენებს.

დონეცკი – რუსეთის ტერიტორია და ვიზიტები ოკუპანტ ქვეყანაში

გალინაც და სანაც სოციალურად ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და სოცმედიაშიც არაერთი გვერდი აქვთ. დარეგისტრირებულები არიან არაერთ ფორუმზე და ხშირად არეკლამებენ საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს. ამაში ცუდი, ცხადია, არაფერია, რომ არა ერთი დეტალი:

დედა-შვილის “ფეისბუქგვერდებიდანვე”ირკვევა, რომ სანქტ პეტერბურგს ისინი მას შემდეგაც სტუმრობდნენ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, პუტინის ხელისუფლებამ დონეცკის ოკუპაცია მოახდინა და საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა.

დედა-შვილს ოკუპანტ ქვეყანაში სტუმრობის უხერხულობა რომ არ შექმნიათ, ეს მათი სოციალური ქსელებიდან კარგად ჩანს. სანა ქალაქის ფონზე პიტერელ მეგობრებთან   ხშირად სელფებსაც აქვეყნებდა.

2018 წელს გამოცემულ, სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებ მოქალაქეთა სატელეფონო ბაზაში გალინა კარმუშინა და მისი შვილი სანა დღემდე მოქმედ ბინადრებად არიან აღრიცხულები. წყაროს თანახმად, მათ საცხოვრებელი სახლი მეცნიერების ქუჩაზე აქვთ.

საქართველოში ცხოვრების 8-წლიანი პერიოდის განმავლობაში გალინა კარმუშინას არ უსწავლია ქართული ენა და თავს ყოველთვის “რუსულენოვან გიდად” მოიხსენიებს.

კარმუშინას მოქმედი ელექტრონული ფოსტაც კი რუსული აქვს – bk,ru. დარეგისტრირებულია არაერთ რუსულ სოცქსელში, საიტსა და ფორუმზე, მათ შორის, აქვს kontakt.ru-ს mail.ru-ს, proffesional.ru-სა და Мой Мир-ს ანგარიშებიც, რომელთაც დღემდე აქტიურად მოიხმარს.

უფრო მეტიც, არაერთ საიტზე რუსეთის მიერ ოკუპირებული მისი მშობლიური ქალაქი დონეცკი რუსეთის ტერიტორიად აქვს მოხსენიებული!

გალინა კარმუშინა ცნობილ პრორუს სეპარატისტებთან ერთად უკრაინული საიტების ბაზებში

უკრაინელებმა ეს ბაზები სწორედ პრორუსი სეპარატისტების, მათი ტროლებისა და ბოტების გამოსავლენად შექმნეს. ამ ბაზებში ყველა ის პირია იდენთიფიცირებული, ვინც მათი ქვეყნის დამოუკიდებლობას ებრძვის, პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერია, მიზამნიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ან აქტიურად ცდილობს, დამპყრობელი ქვეყნის ინტერესები გაატაროს.

გალინა კარმუშინას ფოტო რამდენიმე ასეთ უკრაინულ ბაზაშია გამოქვეყნებული!

საქართველოში „დევნილი“ პროფესორის სოცგვერდების შესწავლისას თვალნათლივ ჩანს, რომ მას დნრ-ის სეპარატისტულ რესპუბლიკაში საჯარო თანამდებობებზე მომუშავე პირებთანაც კი ახლო მეგობრული კავშირები აქვს.

უფრო მეტიც, მას ერთ-ერთ რუსული ფორუმზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტის სიმბოლოც კი მიუძღვნეს. როგორც ჩანს, კარმუშინას უხერხულობა არც ამან შეუქმნა. მან რუსული პროპაგანდის გავრცელების ეს სიმბოლო უპრობლემოდ მოიწონა.

ამ ყველაფრის ფონზე, გასაკვირი აღარ არის დავით ქართველიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ კარმუშინას მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მან დაწერა, თავის თვალით როგორ ნახა კარმუშინას ექსკურსია ერთერთ ქართულ, მე-6 საუკუნის ტაძარში, სადაც რუსულენოვან ტურისტებს უყვებოდა, რომ საქართველომ ქრისტიანობა რუსეთიდან მიიღო, ხოლო მე-6 საუკუნის ტაძარი თავდაპირველად სომხური იყო, რომელიც ქართველებმა ძალადობრივი მეთოდით მიიტაცეს და ახლა აქ ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება. ქართველიშვილი ჰყვება, რომ ამის გამგონე ეკლესიის აღშფოთებულმა წინამძღვარმა კარმუშინას, რუს ტურისტებთან ერთად, სთხოვა, დაეტოვებინა ტაძრის ტერიტორია.

მოგვიანებით, დავით ქართველიშვილის ბრალდებებს კარმუშინამ უპასუხა და თქვა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან მან საქართველოს ისტორია ზედმიწევნით იცის და ასეთი რამ ვერ მოხდებოდა.

გალინა კარმუშინას ბიოგრაფიის, მისი რუსული კავშირებისა და ოჯახის სხვა წევრების შესახებ „კვირა“ დამატებით მუშაობს მასალაზე. რომელსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებისთვის საბოლოოდ ცხადი გახდეს, თუ ვინ არის სინამდვილეში „უკრაინელი პატრიოტი“, რომელსაც, გამოცდილების არქონის მიუხედავად, გახმაურებულ საქმეებში ჩართვის დიდი ამბიცია აქვს.  

 

ავტორები:
ქეთი ხოსიტაშვილი
დავით მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები